გივი მიქანაძე აბიტურიენტებს წარმატებებს უსურვებს

მი

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე ეროვნული გამოცდების დაწყებამდე აბიტურიენტებს მიმართავს და მათ წარმატებებს უსურვებს. მინისტრის მიმართვას განათლების სამინისტრო ავრცელებს.

„დღეს ათასობით აბიტურიენტისთვის ცხოვრების ახალი ეტაპი იწყება, რაც თითოეული მათგანის შრომისა და თავდადების შედეგია. ყველა თქვენგანს წარმატებას, თავდაჯერებულობასა და სიმშვიდეს გისურვებთ. მჯერა, ყველა გამოწვევას ღირსეულად დაძლევთ და შრომითა და მონდომებით თქვენთვის სასურველ პროფესიას დაეუფლებით.

ციფრულ ეპოქაში, როდესაც ყველაფერი ძალიან სწრაფად იცვლება, შრომისმოყვარეობა და მიზანდასახულობა უმთავრესია. დარწმუნებული ვარ, თქვენი ნიჭიერებით ახალ გამოწვევებს ფეხს ადვილად აუწყობთ.

გახსოვდეთ, თითოეული თქვენგანი საკუთარ მომავალს პირველ რიგში საკუთარი თავისთვის, ოჯახისთვის და ჩვენი ქვეყნისთვის ქმნით. სწორედ ამიტომ, განათლების ყველა საფეხურზე ჩვენგან მაქსიმალური მხარდაჭერა გექნებათ.

გისურვებთ, ყოველმა ახალმა დღემ დაგაახლოოთ თქვენს მიზნებთან და ოცნებებთან. არ შეგეშინდეთ გამოწვევების, იყავით გაბედულები, რადგან სწორედ გაბედულები ქმნიან ისტორიას", - ვკითხულობთ მინისტრის მიმართვაში.