გიორგი ვოლსკი: ელჩების განცხადებაში არის მცდელობა გაამართლონ თავანთი შეხვედრები ექსტრემისტებთან. გვაქვს მაგალითები, როდესაც ელჩი აფინანსებს იმ სუბიქტს, ვინც არომანტიზებს მოლოტოვის კოქტეილის სროლას

გიორგი ვოლსკი

იქ არის პასაჟი, რომელიც მისასალმებელია. დიახაც, არ უნდა იყოს ისეთი განცხადებები, რომელიც ძალადობას უქმნის წინაპირობას, მაგრამ კონკრეტული მაგალითები გვაქვს, როდესაც ელჩი ხვდება და აფინანსებს იმ სუბიექტს, ვინც რომანტიზებას უკეთებს მოლოტოვის კოქტეილის სროლას,- განაცხადა გადაცემაში „დღის" ქრონიკა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ 27 ელჩის მიერ გამოქვეყნებული განცხადების შეფასებისას.

მისი თქმით, განსაკუთრებით არჩევნების მოახლოებისას, ნებისმიერ საკითხზე საზოგადოებას უნდა ჰქონდეს ინფორმაცია და მათ უნდა გადაწყვიტონ არჩევნების დროს რომელი პოზიცია და მიდგომა სჭირდება ქვეყანას იმისათვის, რომ გადარჩეს.

„კონკრეტული მაგალითები გვაქვს, როდესაც ელჩი ხვდება იმ ადამიანს, ვინც რომანტიზებას უკეთებს მოლოტოვის კოქტეილის სროლას. არა თუ ხვდება, არამედ აფინანსებს კიდეც. აქ უნდა დავფიქრდეთ და დასკვნა გავაკეთოთ. ელჩების განცხადებაში არის პასაჟი, რომელიც მისასალმებელია. დიახაც, არ უნდა იყოს ისეთი განცხადებები, რომელიც ძალადობას უქმნის წინაპირობას, მაგრამ მეორე მხრივ მათი ნათქვამი, რომ ასეთი არაფერი გაგვიკეთებია, რომ ექსტრემისტული ჯგუფისთვის, ადამიანისთვის, ძალადობის მაორგანიზებელ სუბიექტთან შეხვედრა არ გვქონია, ამაზე სულ რომ პასუხი არ გავცეთ, მე, ბატონმა პაპუაშვილმა თუ ვინც იქნება, იქნებოდა ხალხის მოტყუება. სულ რომ ხმა არ ამოვიღოთ ხომ ვიცით რაც ხდება და კადრები გვინახავს“,- აღნიშნა ვოლსკიმ.

მანვე განმარტა, რომ ელჩების განცხადებაში არის მცდელობა გაამართლონ თავანთი შეხვედრები ექსტრემისტებთან.

„ელჩები შეეცადნენ, რომ თავიანთი საქმიანობა გარკვეულწილად გაამართლონ იმით, რომ თურმე ელჩის მოვალეობა ყოფილა შეხვდნენ ნებისმიერს. კი, მოვალეობაც არის და საშური საქმეც, მაგრამ როდესაც ხვდები და არ აკეთებ განცხადებას, რომ ხვდები ამა თუ იმ პიროვნებას, ვისაუბრეთ ამა და იმ თემაზე, ზიხარ იმ ლოზუნგის ქვეშ, რომელიც შეურაცხმყოფელია მმართველი პარტიის, ხელისუფლების“,- აღნიშნა ვოლსკიმ.