გიორგი ჭოლაძე 20 ივნისის მოვლენებზე: პარლამენტში იყო ჰუბერტ ქნირში, გახარიას ვკითხე, საიდან აღმოჩნდა აქ, მან ცინიკურად მიპასუხა, რუსთაველზე სეირნობდა - ჩემი შეფასებით, ეს ადამიანი [გახარია] იყო აბსოლუტურად ჩამოშლილი და არაკომპეტენტური

გიორგი ჭოლაძე

შემოვედი [პარლამენტის] შენობაში და დაცვის თანამშრომლებმა, როგორც შემდეგ ირკვევა, ზვიად ძიძიგურის ოთახში ამომიყვანეს, რომელიც მაშინ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე იყო. გახარია და რამდენიმე დეპუტატი დამხვდა, ძიძიგური საერთოდ არ მახსოვს იქ თუ იყო. ოთახში იყო გახარია, დავით მათიკაშვილი მახსოვს, რატი იონათამიშვილი, მამუკა მდინარაძე მთელი პროცესი იქ იყო, მიხეილ ყაველაშვილი - მერე უკვე, სხვა დეპუტატებიც მოგროვდნენ. ჩემდა გასაკვირად, იქ იყო, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩი, ჰუბერტ ქნირში, - განაცხადა საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის აპარატის ყოფილმა უფროსმა, გიორგი ჭოლაძემ, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც 2019 წლის 20 ივნისს თბილისში განვითარებულ მოვლენებს განიხილავენ.

გიორგი ჭოლაძის განცხადებით, ვენის კონვენციის თანახმად, დაუშვებელია, მიმღებმა სახელმწიფომ საფრთხე შეუქმნას დიპლომატს, შესაბამისად, მან გახარიას, რომელიც იმ დროს შს მინისტრის თანამდებობას იკავებდა, განუცხადა, რომ ჰუბერტ ქნირშის იქ ყოფნა დაუშვებელი იყო და დაინტერესდა, საიდან მოხვდა ელჩი პარლამენტში. როგორც ჭოლაძე იხსენებს, გახარიამ მან ცინიკურად უპასუხა, რომ ელჩი რუსთაველზე სეირნობდა და შემოიყვანეს.

„რუსთაველის გამზირზე გადადიოდა ფანჯარა, საიდანაც გახარია იყურებოდა. სავარძელზე იჯდა გერმანიის ელჩი. მე გახარიას ვკითხე, რას აკეთებდა ეს ადამიანი აქ, იმიტომ, რომ მარტივია, ვენის კონვენცია თუ ვინმეს წაკითხული აქვს, იქ წერია, რომ მიმღები სახელმწიფო ვალდებულია, დაიცვას დიპლომატი, განსაკუთრებით - ელჩი, ეს შსს-ს პირდაპირი პრეროგატივა იყო, განსაკუთრებით იმ დროს, როცა შსს იცავდა მათ რეზიდენციებს და საელჩოებს, ახლა მგონი, სახელმწიფო დაცვაშია. ვენის კონვენცია ავალდებულებს მიმღებ სახელმწიფოს, გააკეთოს პრევენცია ნებისმიერი დიპლომატის თავდასხმის თუ მისი თავმოყვარეობის და ღირსების შელახვის წინააღმდეგ. მე ბატონ გახარიას ვუთხარი, რომ ამ კაცის აქ ყოფნა დაუშვებელი იყო და ვკითხე, საიდან აღმოჩნდა. მან როგორც სჩვევია, ცინიკურად მიპასუხა, რუსთაველზე სეირნობდა და ამოიყვანეს ჩემებმაო. იქ არ იყო ამის დრო, თუმცა, რას ჰქვია სეირნობდა და ამოიყვანეს - არსებობს კამერები და სავარაუდოდ, გამოძიებას მთელი ეს პროცესი ამოღებული ექნება და ნახავდნენ ის კაცი, როგორ შემოვიდა. ჩემი პირადი შეფასებით, ეს ადამიანი [გახარია] იქ იყო აბსოლუტურად ჩამოშლილი და აბსოლუტურად არაკომპეტენტური. იმას კი არ შეუშალა ხელი, რომ ეს კაცი [გერმანიის ელჩი] აქ არ შემოსულიყო, პირიქით, ხელი შეუწყო. როგორც თვითონ მითხრა, არ ვიცი, შეიძლება მომატყუა, მაგრამ ძალიან ამაყად მითხრა, შემოვიყვანეთ და ზისო. მე მას გავესაუბრე, ელჩებთან ურთიერთობა მქონდა და პირადად ვიცნობდი მათ. ცოტა გაკვირვებული იყო, რომ არ დაგიმალოთ, თითქოს აქ რა უნდოდა, მიმდინარე მოვლენებზე კითხვებს მისვამდა“, - განაცხადა გიორგი ჭოლაძემ.