ე.წ. ოპოზიცია დაცლილია პოლიტიკური შინაარსისგან, მიიღებენ თუ არა თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას, ჩვენთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა არ აქვს - ირაკლი ქადაგიშვილი

ირაკლი ქადაგიშვილი

ე.წ. ოპოზიცია დაცლილია პოლიტიკური შინაარსისგან, მიიღებენ თუ არა თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას, ჩვენთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა არ აქვს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციის, როგორც პოლიტიკური ძალის ფასი ქვეყნისთვის მხოლოდ ნეგატიურია.

„ოპოზიციამ საკუთარი თავი საშინელ ჭაობში ჩააფლო. ეს მათი და რეზოლუციების ავტორების დამსახურებაა, რომელთა აზრს, კვალს და რჩევებს მიჰყვებიან. აქედან გამომდინარე, მათ უჭირთ. დემოკრატიულ ქვეყანაში მარტივია, როცა მოდის არჩევნები, ყველა არჩევნებისთვის უნდა ემზადებოდეს, მაგრამ აქ სრული ქაოსი და გაურკვევლობაა. ამ ოპოზიციის ფასი ქვეყნისათვის, როგორც პოლიტიკური ძალისა, არის მხოლოდ ნეგატივის მატარებელი, პოზიტივის მატარებელიც კი არ არის. აქედან გამომდინარე, მიიღებენ თუ არ მიიღებენ არჩევნებში მონაწილეობას, ჩვენთვის რამე განსაკუთრებული მნიშვნელობა არ აქვს. თვითონ ოპოზიცია, რომ გაბანკროტებული და გაკოტრებულია იქიდანაც ჩანს, რომ ჯერ ერთი, ერთმანეთში ვერ თანხმდებიან. ისინიც კი, ვინც ამბობენ, რომ მივიღებთ მონაწილეობასო, ამის რესურსიც არ გააჩნიათ. მერე საერთოდ ლაპარაკობენ, რომ ჩვენ ჩვენი პარტიული კანდიდატები კი არ გვეყოლება, ვიღაცა სხვა ადამიანებს შევარჩევთ. რა პოლიტიკური პარტია ხარ თუ შენ შენი კანდიდატი არ გყავს და ვიღაც სხვა ადამიანი გყავს შესარჩევი. დაცლილი არის მთლიანად ეს პოლიტიკური ე.წ ოპოზიცია თავისი პოლიტიკური შინაარსისაგან“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.