ვნების შვიდეული დაიწყო - რა უნდა იცოდეს მორწმუნე ადამიანმა ამ დღეების შესახებ
1775413908
"კარგად გვესმის, რომ ეკოლოგიური თვალსაზრისით პლასტმასის ნარჩენები სერიოზული გამოწვევაა, თუმცა ასეთი ტიპის გადაწყვეტილებების მიღებამდე საჭიროა შესწავლილ იქნეს ეკონომიკური ზეგავლენის მოსალოდნელი შედეგები და სწორად დაიგეგმოს ცვლილებები," - ამის შესახებ "ხალხის ძალის" თავმჯდომარის მოადგილემ, გურამ მაჭარშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
"ხალხის ძალაში" ეხმაურებიან მთავრობის დადგენილებას, რომლის თანახმადაც, 1 ივლისიდან სხვადასხვა ტიპის კვების ობიექტებს აეკრძალებათ სასმელების მიწოდება პლასტმასის ბოთლებით.
როგორც მაჭარშვილმა აღნიშნა, "ხალხის ძალაში" მიიჩნევენ, რომ გადაწყვეტილება ნაჩქარევად არის მიღებული
"საქართველოს მთავრობის 2026 წლის 12 მარტის დადგენილებით ამა წლის 1 ივლისიდან სხვადასხვა ტიპის კვების ობიექტებს აეკრძალებათ სასმელების მიწოდება პლასტმასის ბოთლებით. ამავე დადგენილებით, 2027 წლის 1 თებერვლიდან, აიკრძალება პლასტმასის ბოთლებში სასმელების წარმოება, იმპორტი და ბაზარზე გაყიდვა. გამონაკლისია მხოლოდ 3 ლიტრზე მეტი მოცულობის წყალი და 20 ლიტრზე მეტი მოცულობის სხვა სასმელები, რომელიც არ ექვემდებარება აკრძალვას. პარალელურად, აიკრძალება ერთჯერადი გამოყენების ჭურჭელი.
კარგად გვესმის, რომ ეკოლოგიური თვალსაზრისით პლასტმასის ნარჩენები სერიოზული გამოწვევაა, თუმცა ასეთი ტიპის გადაწყვეტილებების მიღებამდე საჭიროა შესწავლილ იქნეს ეკონომიკური ზეგავლენის მოსალოდნელი შედეგები და სწორად დაიგეგმოს ცვლილებები. ამიტომ ვთვლით, რომ გადაწყვეტილება ნაჩქარევად არის მიღებული.
ეს რეგულაცია ფაქტობრივად აიძულებს საზოგადოებას, მოუმზადებლად გადავიდეს მინის ბოთლების მოხმარებაზე და ჩამოსასხმელ პროდუქციაზე.
ასეთი წინდაუხედავი გადაწყვეტილება გამოიწვევს:
- პროდუქციის თვითღირებულების (დიდი ალბათობით) 20-დან 50 პროცენტამდე ზრდას;
- პროდუქციის არჩევანის შემცირებას;
- ბიზნესზე ნეგატიურ გავლენას;
- სამუშაო ადგილების დაკარგვას.
მომხმარებელთან ერთად დაზარალდებიან დისტრიბუტორები, მცირე იმპორტიორები და მეწარმეები.
ასეთი ტიპის გადაწყვეტილებას წინ უნდა უსწრებდეს:
1. ქვეყანაში გადამუშავების ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფა;
2. ალტერნატიული შეფუთვის განვითარება;
3. სუფსიდიები ბიზნებისთვის;
წინააღმდეგ შემთხვევაში გარდაუვალი იქნება ეკონომიკური შოკის ეფექტი.
ნეგატიური შედეგის თავიდან აცილებისათვის საჭიროა:
1. აკრძალვის ნაცვლად სისტემა გავხადოთ მართვადი - მთავარი პრობლემა არა პლასტმასი, არამედ მისი მართვაა;
2. შევქმნათ გადამუშავების ინფრასტრუქტურა;
3. შემოღებულ იქნას დეპოზიტური სისტემა, რაც ევროპაში აპრობირებული მეთოდია.
აქედან გამომდინარე საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი ხალხის ძალა გადაუდებლად ითხოვს მთავრობის შესაბამისი დადგენილების გადახედვას და ფართო კონსულტაციების შედეგად გონივრული გადაწყვეტილების მიღებას." - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.