ეგზიტპოლის თანახმად, პორტუგალიის საპარლამენტო არჩევნებში მემარჯვენე-ცენტრისტული კოალიცია „დემოკრატიული ალიანსი“ დაახლოებით 29 პროცენტით ლიდერობს

არჩევნები პორტუგალია

პორტუგალიის საპარლამენტო არჩევნებში, წინასწარი გამოკითხვების მიხედვით, მემარჯვენე-ცენტრისტული კოალიცია „დემოკრატიული ალიანსი“ (AD) ლიდერობს.

ეგზიტპოლის თანახმად, ალიანსმა ხმების 29.1 პროცენტზე მეტი მიიღო, ხოლო ოპოზიციურმა სოციალისტურმა პარტიამ (PS) ხმათა 25.4 პროცენტამდე დააგროვა. ულტრამემარჯვენე პარტია „ჩეგა“ სავარაუდოდ ხმათა 19.5 პროცენტიდან 25.5 პროცენტამდე მიიღებს. ეს შედეგი ნიშნავს, რომ პარტიამ „ჩეგა“ შესაძლოა, ჩაანაცვლოს სოციალისტური პარტია და პირველად გახდეს ქვეყნის მეორე პოლიტიკური ძალა.

შეგახსენებთ, პორტუგალიაში ეს ბოლო სამი წლის განმავლობაში მესამე საპარლამენტო არჩევნებია.

პარლამენტის დათხოვნას და ვადამდელი არჩევნების გამოცხადებას წინ უძღოდა სკანდალი პრემიერ-მინისტრ ლუიშ მონტენეგრუს ოჯახის გამდიდრებასთან დაკავშირებით. საქმე ეხებოდა საკონსულტაციო ფირმას, რომელიც პრემიერ-მინისტრის ოჯახს ეკუთვნოდა. მან ხელშეკრულებები გააფორმა კერძო კომპანიებთან, რამაც, ოპოზიციის განცხადებით, მონტენეგრუს გამდიდრება გამოიწვია. თავად პრემიერი ინტერესთა კონფლიქტს უარყოფს.