1754385975
დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ არსებობს შანსი, უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტები სამმხრივ შეხვედრას დათანხმდნენ

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, არსებობს პერსპექტივა, რომ უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტები სამმხრივ შეხვედრას დათანხმდნენ. ამის შესახებ ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტებთან განაცხადა.
ტრამპის თქმით, ჯერ არ არის განსაზღვრული, სად გაიმართება მხარეებს შორის შეხვედრა, თუმცა არსებობს შანსი, რომ შეხვედრა შედგეს.
ჟურნალისტმა ტრამპს ასევე ჰკითხა, რამდენად ახლოს არის ის შეთანხმების მიღწევასთან.
„მე არ ვიცი, არ მინდა ვთქვა, რადგან ადრე იმედგაცრუებული დავრჩი ამასთან დაკავშირებით. იცით, ჩვენ ხუთი ომი მოვაგვარეთ. დაამატეთ ამას ირანი, სადაც ჩვენ მათი ბირთვული შესაძლებლობა გავანადგურეთ, მათ ორ თვეში, შესაძლოა ნაკლებშიც იარაღი ექნებოდათ, ეს მთლიანად განადგურდა“, – აღნიშნა ტრამპმა.
ამასთან, კითხვაზე, წამოვიდა თუ არა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი სტივ უიტკოფთან შეხვედრისას ისეთ დათმობაზე, რისთვისაც აქამდე მზად არ იყო, ტრამპმა უპასუხა, რომ აღნიშნულ შეხვედრას გარღვევას ვერ უწოდებს.
„მე ამას გარღვევას ვერ ვუწოდებ. ვგულისხმობ, რომ ჩვენ ამაზე დიდხანს ვმუშაობდით. ათასობით ახალგაზრდა იღუპება, ძირითადად ჯარისკაცები, მაგრამ ასევე, იცით, რაკეტებს ისვრიან კიევსა და სხვა ადგილებში. მაგრამ ჯარისკაცების თვალსაზრისით, ვფიქრობ რუსეთმა წლის დასაწყისიდან 20 000-ზე მეტი. უკრაინამ დაახლოებით 9000. ეს საშინელი სიტუაციაა. ჩვენ გვსურს ამის შეჩერება, იცით, ჩვენ იქ ამერიკელი ჯარისკაცები არ გვყავს, მაგრამ ვგრძნობ ვალდებულებას, ეს შევაჩერო. ეს არ იყო ჩემი ომი. ეს ომი არასოდეს დაიწყებოდა და ოთხი წლის განმავლობაში არც დაწყებულა. ეს ბაიდენის ომია. ეს იყო მის დროს. და იცით, სასაცილოა, ჩემგან არცერთი ნაწილი მიწა არ წაუღიათ. ბუშისგან წაიღეს. ბაიდენისგან წაიღეს. ობამასგანაც წაიღეს. რუსეთს ჩვენგან არაფერი წაუღია. მე აქ ვარ, რომ ეს დავასრულო“, – განაცხადა ტრამპმა.
ცნობისთვის, „ნიუ იორკ თაიმსი“ ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით დაწერა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რუსეთი პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს მომავალ კვირას შეხვდება, რის შემდეგაც პუტინთან და ზელენსკისთან ერთობლივ შეხვედრას გეგმავს.