დედაჩემზე და ჩემზე იყო მიწები გაფორმებული, გამომძიებელმა ბერიშვილმა მითხრა, რასაც გეტყვი, ის უნდა დაწეროო, მოგვაწერინეს ხელი, წაგვიყვანეს რეესტრში და ყველა გადაგვაფორმებინეს - გოდერძი თირქია

გოდერძი თირქია

„2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელ დროებით საგამოძიებო კომისიაზე“ მოქალაქე გოდერძი თირქიას მოუსმინეს.

გოდერძი თირქიას თქმით, მას და დედამისს გამომძიებელმა ბერიშვილმა აიძულა ქონების სახელმწიფოსთვის დათმობა და გადაფორმება, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, დაპატიმრებით დაემუქრა.

„შევედი, დამხვდა გამომძიებელი ბერიშვილი. გამარჯობა, ვიციო დიაბეტი გაქვსო, მეცო და ჯერ ასეთი თბილი ლაპარაკი იყო ვითომ. ახლა არ დამიწყო, რომ მამაშენმა კეთილსინდისიერად იყიდა მიწებიო. მე ვუთხარი, თქვენ ძალიან კარგად იცით, მამაჩემმა საიდან მოიტანა ამის თანხა და ვინც იყიდა, როგორ იყიდა-მეთქი. იმ კაცს არ უჭირდა 300-500-ლარიანი მიწების შესყიდვა და რა უნდა ყოფილიყო სათაღლითო ამიხსენით-მეთქი. ბიჭო, ბევრი არ ილაპარაკო, არ იცი, სად ხაროო? სად არის დედამისიო. დედაჩემზეც იყო და ჩემზეც ნახევარი მიწები გაფორმებული. დედამისი სკოლაში არის, მასწავლებელი არისო და გამოძახებული მყავს, მოვაო. ეს აქეთ ჩასვით, ის რომ მოვა, იქით ჩასვითო. რატომ უნდა ჩამსვათთქო. ბიჭო, ბევრი არ ილაპარაკო, რასაც გეტყვი, ის უნდა დაწეროო. უკვე რომ მივხვდი, რაშიც იყო საქმე და ვისთან მაქვს საქმე, ვიცოდი, არ მინდა არაფერი, რა უნდა გავაკეთო-მეთქი. რასაც გეტყვით, ისეო და მაჩვენეს „ჩემი ნება სურვილით ვუთმობ სახელმწიფოს“. ამაზე მოგვაწერინეს ხელი, შემდეგ მეორე დღეს წაგვიყვანეს რეესტრში და ყველა გადაგვაფორმებინეს“, – განაცხადა გოდერძი თირქიამ.