დავით სონღულაშვილი სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის თბილისის ახალგახსნილ შენობას ეწვია

დავით სონღულაშვილი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის თბილისის ახალგახსნილ შენობას ეწვია, სადაც სსიპ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის დირექტორმა ირაკლი გულედანმა მინისტრს ინფრასტრუქტურული და ტექნიკური შესაძლებლობების გაძლიერების შედეგად გაუმჯობესებული სამუშაო პროცესი გააცნო.

როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა აღნიშნა, ლაბორატორიული ქსელის გაძლიერება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და ამ მიმართულებით მუშაობა უწყვეტი პროცესია.

„ლაბორატორიული ქსელის გაძლიერება მოიცავს არაერთ მიმართულებას, ესენია გამართული ინფრასტრუქტურა, თანამედროვე ტექნოლოგიები და ტექნიკური აღჭურვილობა; ლაბორატორიებში მუდმივად მიმდინარეობს ახალი კვლევის მეთოდების დანერგვა, რომლებიც აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს და ვალიდურია. ჩვენი ლაბორატორიის სპეციალისტები რეგულარულად გადიან სწავლებას საერთაშორისო პარტნიორ ლაბორატორიებში“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

მინისტრმა ყურადღება გაამახვილა აგროწარმოების ყველა ეტაპზე დროული და ზუსტი დიაგნოსტირების მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ ახლად გახსნილ შენობაში დამატებით მოწყობილი სამუშაო სივრცეები მნიშვნელოვნად აძლიერებს სურსათის უვნებლობის მიმართულებით კვლევის შესაძლებლობებს.

„ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ დროული და ზუსტი დიაგნოსტირება არის ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორი აგროწარმოების ყველა ეტაპზე. ჩვენ გვაქვს მთავარი მიზანი, ჯანსაღი პროდუქციით უზრუნველვყოთ ჩვენი მოსახლეობა, ჩვენი ადგილობრივი ბაზარი და, ამავდროულად, ქართული პროდუქცია, საკუთარი მაღალი ხარისხით, გავხადოთ მოთხოვნადი საერთაშორისო ბაზრებზე“, - განაცხადა მინისტრმა.