გვახსოვს ეუთო/ოდირის მიმართ მათი დამოკიდებულება, მის რეპუტაციას ფეხქვეშ თელავდნენ, დღეს ვითომ შეიცვალეს პოზიცია, ისინი არიან ფარისევლები - რატი იონათამიშვილი ოპოზიციაზე

რატი იონათამიშვილი

თვითმმართველობის არჩევნები და ეუთო/ოდირი - მაშინ, როდესაც ოპოზიცია ოთხი ოქტომბრისთვის სადამკვირვებლო მისიის მოწვევას ითხოვს, მას „ქართული ოცნება“ საპარლამენტო არჩევნების გამოცდილებას ახსენებს.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, რატი იონათამიშვილი აცხადებს, რომ ოპოზიცია საკუთარი პოზიციებით მხოლოდ ფარისევლობას ავლენს და მისი შეფასებით, ერთადერთი, რაც მათ აინტერესებთ, არის, რომ ანტიქართული დავალებები შეასრულონ.

"უტიფრობა და პარადოქსი, ეს არის რადიკალური ოპოზიციის სავიზიტო ბარათი. ჩვენ გვახსოვს ეუთო/ოდირის მიმართ მათი დამოკიდებულება საპარლამენტო არჩევნების დროს და მას შემდეგაც, როდესაც ისინი არამხოლოდ ფეხქვეშ თელავდნენ მის რეპუტაციას და დასკვნას, არამედ სიძულვილის ენითაც კი გამოირჩეოდნენ ეუთო/ოდირის მიმართ. დღეს თითქოს, ვითომ შეიცვალეს საკუთარი პოზიცია და, რა თქმა უნდა, ამით მხოლოდ და მხოლოდ იმას ავლენენ სინამდვილეში, რომ ისინი არიან ფარისევლები. მათ არც ეუთო/ოდირი აინტერესებთ, არც მისი დასკვნები, რომელსაც საერთოდ არ კითხულობენ. ერთადერთი რა მიზანიც აქვთ მათ არის, ყველაზე ანტიქართული დავალებები შეასრულონ და იქაც ხელმოცარულები არიან," - აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.