დავით ქართველიშვილი: კოლექტიური დასავლეთისთვის, კოსოვო მთავარი შემაფერხებელი ფაქტორია ქართულ-რუსული დარეგულირების გზაზე

დავით ქართველიშვილი

ევროკავშირის ბევრ ქვეყანას საკუთარ წიაღში აშინებს სეპარატიზმი: ესპანეთი, რუმინეთი, კვიპროსი, სლოვაკეთი. თუ საქართველო მიაღწევს წინსვლას მოსკოვთან, ეს დომინოს ეფექტს გამოიწვევს როგორც ზოგადად ევროპაში, ისე კერძოდ, ბალკანებზე, - წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი.

იგი როგორც საქართველოში, ასევე ევროპაში, ეთნიკური კონფლიქტებისა და სეპარატისტული რეგიონების პრობლემების მოგვარების თემას ეხმიანება.

დავით ქართველიშვილი მიიჩნევს, რომ საქართველო-რუსეთის პირისპირ დიალოგის წარმართვას კოლექტიური დასავლეთი უშლის ხელს, ვინაიდან შიშობს, რომ ეს ევროპის სახელმწოფოებში ახალი ეთნიკური კონფლიქტების წარმოქმნის საწინდარი იქნება.

„ახლო მომავალში ჩვენ ვიხილავთ ამჯერად უკვე პუტინის კარზე მომდგარ ევროლიდერებს, მოსკოვთან ურთიერთობების „გადატვირთვის" სურვილით. ერთადერთი, ვისაც ამ უფლებას კვლავ აუკრძალავენ, საქართველოა. კოლექტიური დასავლეთისთვის, კოსოვო მთავარი შემაფერხებელი ფაქტორია ქართულ-რუსული დარეგულირების გზაზე. საქართველოს ნებისმიერი მცდელობა რუსეთთან პირდაპირი დიალოგის დაწყების შესახებ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის საკითხებზე, ერთ მთავარ პრობლემას ეჯახება - ეს არის კოსოვო. დასავლეთისთვის ეს საკითხი აქილევსის ქუსლია, რადგანაც ნებისმიერი პროგრესი თბილისსა და მოსკოვს შორის შექმნის ახალ საშიშ პრეცედენტს: თუ შესაძლებელია აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის „დამოუკიდებლობის“ გადახედვა, მაშინ სერბეთიც მიიღებს უფლებას მოითხოვოს კოსოვოს სტატუსის გადახედვა.

2008 წელს დასავლეთმა აღიარა კოსოვოს „დამოუკიდებლობა“, და რამდენიმე თვეში რუსეთმა გამოიყენა იგივე არგუმენტი აფხაზეთისა და ე.წ. „სამხრეთ ოსეთის“ აღიარებისთვის. მას შემდეგ ბრიუსელი და ვაშინგტონი ცდილობენ მკაცრად გამიჯნონ ეს ორი „განსხვავებული“ შემთხვევა: „კოსოვო - უნიკალურია, თქვენი რეგიონები კი რუსეთის აგრესიის შედეგია“. მაგრამ ეს პოლიტიკური მანევრია და არა სამართლებრივი არგუმენტი.

ევროკავშირის ბევრ ქვეყანას საკუთარ წიაღში აშინებს სეპარატიზმი: ესპანეთი, რუმინეთი, კვიპროსი, სლოვაკეთი. თუ საქართველო მიაღწევს წინსვლას მოსკოვთან, ეს დომინოს ეფექტს გამოიწვევს როგორც ზოგადად ევროპაში, ისე კერძოდ, ბალკანებზე. სწორედ ამიტომ ოფიციალური მოლაპარაკებები თბილისსა და მოსკოვს შორის დასავლეთის მხრიდან მკაცრად ბლოკირებულია. აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის საკითხის ათწლეულებით „გაყინვა“ ამ შემთხვევაში არა თბილისის ან მოსკოვის, არამედ ბრიუსელისა და ვაშინგტონის შიშის გამო ხდება, რათა არ დაკარგონ საკუთარი კონტროლი კოსოვოზე. გამოვალთ თუ არა ამ მძევლობიდან - საკითხავი ეს არის...“, - წერს დავით ქართველიშვილი.