დავით მათიკაშვილი: „მაკკეინის ინსტიტუტში“ ჰგონიათ, რომ არ არსებობს არქივი, ადამიანები ვერ ხედავენ საჯაროდ ჩადენილ დანაშაულს და თავისი პასაჟებით საქართველოს ჩირქს მოსცხებენ

დავით მათიკაშვილი

„მაკკეინის ინსტიტუტში“ ჰგონიათ, რომ მსოფლიოში არ არსებობენ მედიასაშუალებები, არ არსებობს არქივი, ადამიანები ვერ ხედავენ საჯაროდ ჩადენილ დანაშაულს და თავის პასაჟებით საქართველოს ჩირქს მოსცხებენ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

მათიკაშვილი გამოეხმაურა „მაკკეინის ინსტიტუტის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, ნახევარმილიონიანი გრანტი რამდენიმე ქვეყანაში დაპატიმრებული პირების, მათ შორის მზია ამაღლობელის ინტერესებისთვის ბრძოლას მოხმარდება.

„მაკკეინის ინსტიტუტში“ ჰგონიათ, მთელ მსოფლიოს მარტივად მოატყუებენ, თუ სხვა ქვეყანაში ციხეში მყოფ პოლიტპატიმრებთან ერთად, დაასახელებენ მზია ამაღლობელს, რომელიც არის პირდაპირი დანაშაულის გამო შესაბამის პასუხისგებაში მიცემული და ამით გააიგივებენ ამაღლობელს და სხვა პირებს უცხოეთში, მთლიან ამ მოცემულობაში საქართველოს გამოიყვანენ, თითქოს ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით დარღვევაში ბრალდებულ ქვეყანას. ეს იმდენად მტკნარი სიცრუეა, „მაკკეინის ინსტიტუტში“ ჰგონიათ, რომ მსოფლიოში არ არსებობს მედიასაშუალებები, არ არის ინფორმაცია, არ არსებობს არქივი, ადამიანები ვერ ხედავენ საჯაროდ ჩადენილ დანაშაულს და თავისი პასაჟებით საქართველოს ჩირქს მისცხებენ. ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ მეტყველებს, რომ „დიფ სთეითის“ მხრიდან ჯერ კიდევ არის ძალიან აქტიური ზეწოლა და მცდელობა, ჩვენი ქვეყანა, ჩვენი საზოგადოება, ეს ტერიტორია იქნას გამოყენებული მათთვის სასურველი მიზნებისთვის და ისინი არ ერიდებიან ასეთი მტკნარი ტყუილის ჩაწერას“, – აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.

დავით მათიკაშვილი ამბობს, რომ „მაკკეინის ინსტიტუტის“ ანგარიში ტყუილებით არის გაჯერებული.

„საუბარია, თითქოს ნიკა გვარამია რეპორტაჟების გამო დააკავეს, სრულ აბსურდში არიან, ეს ინსტიტუტი არ ერიდება ისეთი მტკნარი ტყუილებით საუბარს, რომ ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. მეორე მხრივ, საუბარია, რომ „მაკკეინის ინსტიტუტი“ ჩართული იყო გვარამიას გათავისუფლების, შეწყალების პროცესში.ზურაბიშვილი ვადის დასრულებისთანავე, მყისიერად გახდა „მაკკეინის ინსტიტუტის“, გლობალური ნეგატიური ძალის შემადგენელი ნაწილი. ეს პირდაპირ ადასტურებს, რომ სალომე ზურაბიშვილი იყო „დიფ სთეითის“ აგენტი და მისი აგენტურული საქმიანობა გამოიკვეთა იმით, რომ ასრულებდა „დიფ სთეითის“, „მაკკეინის ინსტიტუტის“ დავალებას და „მაკკეინის ინსტიტუტმაც“ არ დაუვიწყა ეს ღვაწლი, მოახდინა მისი მატერიალური უზრუნველყოფა“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.