დავით ჩიხელიძე ევროკავშირის ელჩის აღიარებაზე: ახლა, როცა სიმართლე გამოაშკარავდა, საზოგადოება ითხოვს პასუხისმგებლობას, რომელიც ეკისრება როგორც ევროკავშირის დიპლომატიურ წარმომადგენლობას, ისე თავად ჰერჩინსკის

დავით ჩიხელიძე

სწორედ ეს არის ფარისევლობის მწვერვალი, შენ უღალატო, მოღალატე კი სხვას უწოდო! ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი ვალდებულია ქართველი ხალხის წინაშე ბოდიში მოიხადოს და მის მიერ გაგზავნილ წერილთან დაკავშირებით ახსნა განმარტება გააკეთოს! ეს არ არის მხოლოდ დიპლომატიური ეთიკის საკითხი, ეს არის მავნებლობა და უპატივცემულობა საქართველოს სახელმწიფოსა და ქართველი ხალხის მიმართ, რომელთაც წლების განმავლობაში უდიდესი ძალისხმევა ჩადეს ევროპულ სტრუქტურებთან ურთიერთობის გაღრმავებაში, - წერს ექსპერტი, დავით ჩიხელიძე, სოციალურ ქსელში.

მისივე შეფასებით, ჰერჩინსკის უტიფარი ქმედებები და ორმაგი სტანდარტები იყო სწორედ ის საფუძველი, რამაც პოლიტიკური პროცესები პარლამენტის კედლებს მიღმა, ქუჩაში გადაიყვანა. ჩიხელიძის თქმით, დღეს ყველა ხედავს, რომ ის, ვინც საკუთარ თავს დემოკრატიის მცველად წარმოაჩენს, სინამდვილეში დემოკრატიის პრინციპებს პირველივე შესაძლებლობისთანავე არღვევს.

„სწორედ ეს არის ფარისევლობის მწვერვალი, შენ უღალატო, მოღალატე კი სხვას უწოდო!
ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი ვალდებულია ქართველი ხალხის წინაშე ბოდიში მოიხადოს და მის მიერ გაგზავნილ წერილთან დაკავშირებით ახსნა განმარტება გააკეთოს! ეს არ არის მხოლოდ დიპლომატიური ეთიკის საკითხი, ეს არის მავნებლობა და უპატივცემულობა საქართველოს სახელმწიფოსა და ქართველი ხალხის მიმართ, რომელთაც წლების განმავლობაში უდიდესი ძალისხმევა ჩადეს ევროპულ სტრუქტურებთან ურთიერთობის გაღრმავებაში. მოპოვებული და დღეს გასაჯაროებული წერილი ნათლად აჩვენებს, რომ სახეზე გვაქვს მიზანმიმართული ტყუილ და პოლიტიკური მანიპულაცია, რომელიც პარტნიორის ნიღბის ქვეშ მოქმედმა კრიმინალმა და მავნებელმა ჰერჩინსკიმ განახორციელა.

როგორც წერილიდან ირკვევა, ევროკავშირის გადაწყვეტილება საქართველოს კანდიდატის სტატუსის შეჩერების თაობაზე მიღებული იყო პრემიერ-მინისტრის განცხადებამდე ხუთი დღით ადრე. აღნიშნულის შესახებ ოფიციალური წერილობითი შეტყობინებამ პაველ ჰერჩინსკის მიერ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში იყო გაგზავნილი. მიუხედავად ამისა, ელჩი ჰერჩინსკი და ევროპარლამენტის რიგი წარმომადგენლები საქართველოს ხელისუფლება ღალატში ადანაშაულებდნენ, თითქოსდა ევროკავშირში გაწევრიანებაზე უარი საქართველოს მთავრობის მიერ იყო ნათქვამი. ცდილობდნენ პასუხისმგებლობის გადატანას ქართულ მხარეზე. სწორედ ეს არის ფარისევლობის მწვერვალი, შენ უღალატო, მოღალატე კი სხვას უწოდო!

ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ ევროპული ბიუროკრატიის გარკვეული ჯგუფები დღეს პოლიტიკურ თამაშებში ჩართული აქტორები არიან და არა მიუკერძოებელი პარტნიორები. მათ მიერ გადადგმული ნაბიჯი და შემდგომ ტყუილი და მიზნად ისახავდა ქვეყნის შიგნით არასტაბილურობის გაღვივებას, მთავრობის დისკრედიტაციას და პოლიტიკურ ველზე დაპირისპირების გამძაფრებას.
მიუხედავად მრავალი უსამართლო ბრალდებისა და საჯარო თავდასხმისა, საქართველოს ხელისუფლება არ აჰყვა პროვოკაციებს და სახელმწიფო ინტერესების დასაცავად აირჩია დიპლომატიური მდუმარება. მაშინ, როცა დასავლელი პოლიტიკოსები სიცრუეს ავრცელებდნენ, საქართველოს მთავრობა კვლავაც პარტნიორობაზე, თანამშრომლობასა და მშვიდობიან პროცესზე ამახვილებდა ყურადღებას. ახლა კი, როცა სიმართლე გამოაშკარავდა, საზოგადოება ითხოვს პასუხისმგებლობას, რომელიც ეკისრება როგორც ევროკავშირის დიპლომატიურ წარმომადგენლობას, ისე თავად ელჩ ჰერჩინსკის.

მისი უტიფარი ქმედებები და ორმაგი სტანდარტები იყო სწორედ ის საფუძველი, რამაც პოლიტიკური პროცესები პარლამენტის კედლებს მიღმა, ქუჩაში გადაიყვანა. დღეს ყველა ხედავს, რომ ის, ვინც საკუთარ თავს დემოკრატიის მცველად წარმოაჩენს, სინამდვილეში დემოკრატიის პრინციპებს პირველივე შესაძლებლობისთანავე არღვევს“, - წერს ჩიხელიძე.