ჩვენთვის მთავარია ჩვენი ლეგიტიმაცია არ ჰქონდეს ამ პარლამენტს, მანდატების გაუქმება არის პროცედურული საკითხი და რასაც გააკეთებენ, პრობლემა არ გვაქვს - გიორგი შარაშიძე

გიორგი შარაშიძე

გახარიას გუნდს საპარლამენტო უფლებამოსილება შეუწყდება. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის განცხადებით, მმართველი გუნდი მათ საპარლამენტო მანდატებს გაუუქმებს.

სხდომებზე არ დასწრების გამო, რეგლამენტით ვადა მაისის ბოლოს იწურება, რა დროსაც მანდატების გაუქმების საკითხი უკვე ავტომატურად დგება დღის წესრიგში.

ამ საკითხთან დაკავშირებით, შეფასებები კეთდება გიორგი გახარიას გუნდში. გიორგი შარაშიძის თქმით, მანდატების გაუქმება მათთვის პროცედურული საკითხია, რასთან დაკავშირებითაც პრობლემა არ აქვთ.

"ჩვენთვის მთავარია, რომ ჩვენი ლეგიტიმაცია არ ჰქონდეს ამ პარლამენტს, ჩვენ ამ თვალსაზრისით ვართ თანმიმდევრულები პირველივე დღიდან და მე მგონი უკვე ყველა რწმუნდება, რომ რასაც ვამბობთ, იმას ვაკეთებთ. ჩვენს სიტყვას აქვს ფასი, ჩვენს სიტყვას ენდობიან ჩვენი ამომრჩევლები, შესაბამისად, აქ არანაირი კითხვის ნიშანი არ არსებობს.

კიდევ ვიმეორებ, მანდატების გაუქმება, ეს არის პროცედურული საკითხი. პროცედურები არ ეშლებათ მათ, მიყვებიან ამ პროცედურებს და რასაც გააკეთებენ, გააკეთებენ, ჩვენ პრობლემა არ გვაქვს," - განაცხადა "გახარია საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრმა, გიორგი შარაშიძემ.