"ჩვენთვის ადამიანის უფლებები არის საქმით დადასტურებული, ისინი მხოლოდ დეკლარირებენ, საქმით კი საწინააღმდეგოს აკეთებენ" - თენგიზ შარმანაშვილი კოპენჰაგენში მშვიდობიანი მომიტინგეების ძალადობრივ დარბევაზე

თენგიზ შარმანაშვილი

დუმილი ადამიანის უფლებების დარღვევის საპასუხოდ - უკვე 10 დღეა ევროპული ბიუროკრატია არაფერს ამბობს კოპენჰაგენში მშვიდობიანი მომიტინგეების ძალადობრივ დარბევაზე. სოციალურ მედიაში გავრცელებულ კადრებში ჩანს, როგორ ურტყამს პოლიცია მშვიდობიან მოქალაქეებს ხელკეტებს, ძირს დავარდნილ დემონსტრანტებს კი გაწვრთნილ ძაღლებს უქსევს.

განცხადება ამ დრომდე არ მოგვისმენია არც ამერიკის შეერთებული შტატებიდან და არც ევროპის ოფიციალური სტრუქტურებიდან. კითხვებზე პასუხის გაცემას თავს არიდებს დანიის ხელისუფლება.

"ფასეულობების დეგრადაცია, ევროპული პრინციპებისგან გადახვევა და ორმაგი სტანდარტი" ასეთია "ქართული ოცნების" შეფასება კოპენჰაგენში აქციის მონაწილეების ძალადობრივ დარბევაზე. არგუმენტები საქართველოსთვის მხოლოდ ვითარების სიმძიმეს ადასტურებს.

"რა თქმა უნდა, ისინი არ შეაფასებენ ამას, მათ ძალიან კარგად იციან, რომ ყველანაირი ღირებულებები იქნა ფეხქვეშ გათელილი, რაც გააკეთა დანიის პოლიციამ ყველამ ჩვენი თვალით ვიხილეთ. კი ის ხალხი არ ემორჩილებოდა პოლიციას, მაგრამ ძალადობრივ წინააღმდეგობას არ უწევდნენ, მათ შეეძლოთ ჩვეულებრივად დაეკავებინათ ეს ადამიანები, მაგრამ ასე არ გააკეთეს, პირდაპირ, ბრუტალური ძალის გამოყენებაზე გადავიდნენ. ზოგს უნდა რომ ეს ჩვენთან შექმნილ ვითარებას შეადაროს - ეს წარმოუდგენელია. ჩვენთან პარლამენტს ცეცხლს უჩენდნენ, ქვებს ესროდნენ, მაშხალებს ესროდნენ, ასობით პოლიციელი იქნა ჰოსპიტალში გადაყვანილი და სულ რამდენიმე შემთხვევა არის, როდესაც პოლიციამ ძალას გადაამეტა, ისიც კი გამოვავლინეთ და პასუხისგებაში მისცემენ ამ პირებს. ეს განსხვავებაა ჩვენსა და მათ შორის - ჩვენთვის ადამიანის უფლებები არის საქმით დადასტურებული, ისინი მხოლოდ დეკლარირებენ, საქმით კი საწინააღმდეგოს აკეთებენ,"- აცხადებს პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თენგიზ შარმანაშვილი.

ევროპული ღირებულების კრიზისს ეხება ის წერილიც, რომელიც პრემიერ-მინისტრმა ევროპელ ლიდერებს გაუგზავნა, თუმცა დუმილს ევრობიუროკრატია არც ამ შემთხვევაში არღვევს.