ჩანაწერებით კიდევ ერთხელ მტკიცდება, რომ რეალურად საქმე გვაქვს არა გულწრფელ ემოციებთან, არამედ კარგად ორგანიზებულ, დაფინანსებულ სპეცოპერაციასთან - ლევან მახაშვილი

ლევან მახაშვილი

ადამიანურად ჩვენთვისაც მძიმეა იმის ხილვა, რომ საქართველოს მოქალაქეები ასეთ ნაბიჯებს დგამენ, თუმცა ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის, აუცილებელია პროცესს სამართლებრივი შეფასება ჰქონდეს, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, კონკრეტული პირები წლების განმავლობაში შემჩნეული იყვნენ საქართველოს ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგო საქმიანობაში.

„საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს პერიოდი, როდესაც ადამიანებს, განურჩევლად მათი პოლიტიკური საქმიანობისა, თუ სხვა პროფესიისა, შეუძლიათ სახელმწიფო ინსტიტუტებს შეუტიონ, შტურმი განახორციელონ, მტრული ნაბიჯები გადადგან ქვეყნის წინააღმდეგ და ეს დარჩეს დაუსჯელი. რასაც პროკურატურა აკეთებს, არის იმ პროცესების სამართლებრივი შეფასება, რაც საზოგადოებამ იხილა პირდაპირ ეთერში გასული ერთი წლის განმავლობაში. რაც შეეხება ფარულ ჩანაწერებს, გავრცელებული ინფორმაცია თუ სიმართლეა, ეს არის კიდევ ერთი მტკიცებულება სწორედ იმ პროცესისა, რასაც დღეს პროკურატურა ახორციელებს. ეს ახალი არ არის, წლების განმავლობაში  ეს ადამიანები შემჩნეული იყვნენ ისეთ საქმიანობაში, რომელიც პირდაპირ ეწინააღმდეგებოდა საქართველოს ეროვნულ ინტერესებს. დღეს ეს ყველაფერი ხელის გულზე გამოდის. ამ პროცესს უნდა მიეცეს სამართლებრივი შეფასება, როგორი მძიმეც არ უნდა იყოს ეს ვინმესთვის.

ადამიანურად ჩვენთვისაც მძიმეა იმის ხილვა, რომ საქართველოს მოქალაქეები ასეთ ნაბიჯებს დგამენ, თუმცა ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის, აუცილებელია პროცესს სამართლებრივი შეფასება ჰქონდეს. ერთხელ და სამუდამოდ გაქარწყლდა მითი მათთვის, ვისაც არ სჯეროდა, რომ  აქცია შეიძლებოდა ყოფილიყო ორგანიზებული. სად არის აქ სპონტანურობა? ეს პროცესები არცერთი წამით არ ყოფილა სპონტანური, მოქალაქეების ემოციების გამოყენებით, ორგანიზებულად, გარე დაფინანსებით ხდებოდა და დღემდე ხდება ამ პროცესების მართვა, წახალისება, ცეცხლის შენთება. ამ ჩანაწერებით ეს კიდევ ერთხელ მტკიცდება, რომ რეალურად საქმე გვაქვს არა გულწრფელ ემოციებთან, სპონტანურობასთან, არამედ კარგად ორგანიზებულ, დაგეგმილ, წახალისებულ, დაფინანსებულ  სპეცოპერაციასთან“, – განაცხადა მახაშვილმა.

ცნობისთვის, ერთ-ერთი ტელეარხის მიერ გავრცელდა ჩანაწერი, სადაც  „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია და  „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე უცხოელებისგან მიღებულ დავალებებზე, მათ შორის სამხედრო შინაარსის ინფორმაციის გადაცემაზე საუბრობენ.