არჩილ გორდულაძე: აზერბაიჯანთან ურთიერთობა მნიშვნელოვანია, შუა დერეფნის პროექტი ქართველი ხალხის, ასევე აზერბაიჯანის ინტერესებს ემსახურება, ამ პროექტის მნიშვნელობა ერთი ათად იმატებს

არჩილ გორდულაძე

მეგობარ და პარტნიორ ქვეყანასთან, აზერბაიჯანთან ურთიერთობა მნიშვნელოვანია. შუა დერეფნის პროექტი სტრატეგიული მნიშვნელობისაა. ის ემსახურება როგორც ქართველი ხალხის, ასევე აზერბაიჯანის ინტერესებს, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, პროექტის განხორციელება ევროკავშირის ინტერესებშიც შედის.

„შუა დერეფნის საშუალებით საქართველოზე ისეთმა ტვირთებმა უნდა გაიაროს, რომლის დანიშნულების წერტილი ევროკავშირია.  ზუსტად ამიტომ, მნიშვნელოვანია, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა უმაღლეს დონეზე იყოს აყვანილი, სადაც გათვალისწინებული იქნება ორივე მხარის ინტერესები, სტრატეგიული პროექტების განხორციელებას ხელი შეეწყობა. ეს ყველასთვის მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა ვხედავთ, რა ხდება რეგიონში. შუა დერეფნის საჭიროება და მნიშვნელობა ერთი ათად იმატებს, რაც აღმოსავლეთს დასავლეთთან დააკავშირებს“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.