გოგა მანია გულის შეტევით კლინიკაში გადაიყვანეს
1746527635
ვატიკანი კონკლავისთვის ემზადება. გამოცემა CNN-ის ინფორმაციით, დღეს ვატიკანში მობილური კავშირგაბმულობის ყველა საშუალება იქნება გათიშული.
საიდუმლო კონკლავი, რომელმაც პაპი უნდა აირჩიოს, სიქსტეს კაპელაში გაიმართება. შენობის გარშემო სპეციალური ჩამხშობი საშუალებები დამონტაჟდება, რათა ელექტრონული მიყურადების შესაძლებლობა გამოირიცხოს.
133-მა კარდინალმა ხმა უნდა მისცეს რომის პაპის ახალ კანდიდატურას, რომელიც ფრანცისკეს მემკვიდრე გახდება.
კონკლავის დაწყებამდე კარდინალებმა მობილური ტელეფონები და სხვა, ელექტრონული საშუალებები უნდა ჩააბარონ.
ასევე, მათ სრული საიდუმლოების დაცვის აღთქმა უნდა დადონ. ვიდრე რომის პაპის არჩევა არ მოხდება, ვერც ერთი კარდინალი სიქსტეს კაპელას ვერ დატოვებს.
იგივე ზომები მიღებული იყო 2013 წელს, როდესაც პაპის, ფრანცისკეს არჩევა მოხდა.
რომის პაპად არჩევის ყველაზე დიდი შანსი აქვს ვატიკანის მდივანს, კარდინალ პიეტრო პაროლინის, ასევე, კარდინალს მატეო ზუპის და კარდინალს ლუის ანტონიო ტაგლეს.
თუმცა, რეალურად, არავინ იცის, საბოლოოდ, როგორ გადაწყდება და ვის მიანიჭებს კარდინალთა კონკლავი უპირატესობას.
როგორ ირჩევენ ახალ პაპს
ხმის მიცემის დღეს სიქსტეს კაპელა, რომლის ჭერსაც მიქელანჯელოს ცნობილი ფრესკა ამშვენებს, დაილუქება და შიგნით მყოფი კარდინალები გაუთქმელობის ფიცს დადებენ.
ისინი სასურველი კანდიდატის სახელს ფურცელზე დაწერენ, ამ ფურცელს კი საკურთხეველზე მოთავსებულ თასში ჩადებენ.
თუ ხმების ორ მესამედზე მეტს პაპობის ვერცერთი კანდიდატი ვერ დააგროვებს, ხმის მიცემის შემდეგი ეტაპი დაიწყება. თითო დღის განმავლობაში ხმის მიცემის 4-ჯერ ჩატარებაა შესაძლებელი. 2013 წლის კონკლავი, რომელმაც პაპი ფრანცისკე აირჩია, 24 საათის განმავლობაში გრძელდებოდა და ხმის მიცემის 5 ეტაპი მოიცვა.
"ბიულეტენების" დათვლის შემდეგ ფურცლებს სიქსტეს კაპელაში არსებულ ქურაში წვავენ, რომელსაც ვატიკანელი მეხანძრეები ამონტაჟებენ. მეორე ქურაში კი ქიმიურ ნივთიერებებს წვავენ, რომელიც საკვამურიდან თეთრ ან შავ კვამლს უშვებს. სწორედ ეს კვამლი უშვებს სიგნალს მსოფლიოსთან: შავი კვამლი იმის ნიშანია, რომ ახალი პაპი ჯერ არ არჩეულა, თეთრი კი კათოლიკური ეკლესიის ახალი მეთაურის არჩევის მანიშნებელია.