იტალიაში 26 წლის ქართველი ემიგრანტი გარდაცვლილი იპოვეს
1747920764
აშშ-ის პრეზიდენტმა რუს კოლეგასთან საუბრის შემდეგ ევროპელ ლიდერებს უთხრა, რომ ვლადიმერ პუტინი არ არის მზად ომის დასრულებისთვის. ამის შესახებ „უოლ სთრით ჯორნალი“ წყაროებზე დაყრდნობით წერს.
როგორც წყაროები აცხადებენ, ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბრის შემდეგ დონალდ ტრამპმა ევროპელ ლიდერებს უთხრა, რომ კრემლის ხელმძღვანელი არ არის მზად დაასრულოს ომი უკრაინაში, რადგან თვლის, რომ იმარჯვებს.
როგორც სტატიაშია ნათქვამი, სატელეფონო საუბარში მონაწილეობდა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი, იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი და ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი.
ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბრამდე, დონალდ ტრამპი აცხადებდა, რომ მზად იყო რუსეთის წინააღმდეგ სანქციები დაეწესებინა, თუმცა, როგორც „უოლ სთრით ჯორნალი“ წერს, საუბრის შემდეგ დონალდ ტრამპმა შეცვალა აზრი, მაგრამ თქვა, რომ სურს სწრაფი პროგრესი.
როგორც წყაროები ამბობენ, მიუხედავად იმისა, რომ ახალი სანქციების დაწესებაზე დონალდ ტრამპის დარწმუნება ჯერ ვერ მოხერხდა, ევროპელმა ლიდერებმა დაინახეს, რომ უკრაინის შემდგომი მხარდაჭერის ძირითადი როლი მათზე გადადის. ამავე დროს, ისინი არ ფიქრობენ, რომ დონალდ ტრამპი შეწყვეტს უკრაინისთვის იარაღის ექსპორტს, სულ მცირე, იქამდე, ვიდრე ამისთვის ევროპა ან უკრაინა გადაიხდის.