1745299467
უკრაინაში თურქეთის ელჩის ცნობით, რეჯეფ თაიფ ერდოღანი უკრაინაში ვიზიტს გეგმავს

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი უკრაინაში ვიზიტს გეგმავს.
ამის შესახებ უკრაინაში თურქეთის ელჩმა, ნარიმან ჯელალმა განაცხადა.
დიპლომატმა ასევე აღნიშნა, რომ ვიზიტის მთავარი თემა შესაძლოა, ორ ქვეყანას შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების რატიფიცირება იყოს.
„თურქეთში უკრაინისადმი მეტი ყურადღების მისაქცევად, ჩვენ ერთობლივ მიღწევებზე უნდა ვიმუშაოთ. ეს შეიძლება, მოიცავდეს ბიზნეს თანამშრომლობის ინტენსიფიკაციას, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების რატიფიკაციას და უმაღლეს დონეზე ვიზიტების გაცვლას. ამჟამად აქტიურად ვმუშაობთ პრეზიდენტ ერდოღანის უკრაინაში ვიზიტის ორგანიზებაზე. პრეზიდენტმა ზელენსკიმ პირადად გადასცა მოწვევა და ეს თურქეთის პრეზიდენტთან შეხვედრის დროსაც გავიმეორე. ეს ვიზიტი მნიშვნელოვან ძალისხმევას მოითხოვს, რადგან არსებობს მრავალი საკითხი, რომელიც მის განხორციელებას უშლის ხელს. თურქეთი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ხელმოწერით არის დაინტერესებული. ეს შეთანხმება მნიშვნელოვანია ჩვენი ბიზნესის მნიშვნელოვანი ნაწილისთვის, თუმცა ზოგიერთისთვის შესაძლოა დაძაბულობა შეიქმნას გაზრდილი კონკურენციის გამო. თუმცა, ეს პოლიტიკური გადაწყვეტილებაა. პრეზიდენტმა ზელენსკიმ შესთავაზა ამ შეთანხმების რატიფიცირება ერდოღანის ვიზიტის დროს, რაც კარგი და სიმბოლური ნაბიჯი იქნებოდა. ჩვენ ველოდებით თურქეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას“, – აღნიშნა ნარიმან ჯელალმა.