უკრაინამ რუსულ მხარეს იმ უკრაინელი ბავშვების სია გადასცა, რომელთა ქვეყანაში დაბრუნებას ითხოვენ

რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებები

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ანდრეი ერმაკის განცხადებით, სტამბოლში გამართულ მოლაპარაკებებზე, უკრაინამ რუსულ მხარეს იმ უკრაინელი ბავშვების სია გადასცა, რომელთა დაბრუნებაც უნდა მოხდეს. მისი თქმით, საუბარია ასობით ბავშვზე, რომელიც რუსულმა მხარემ იძულებით გადაასახლა ან დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჰყავს დაკავებული.

რაც შეეხება მოლაპარაკებებს, რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების მეორე რაუნდი ერთ საათს გაგრძელდა. სტამბოლის ჩირაგანის სასახლეში შეხვედრას მასპინძელი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრიც ესწრებოდა. კიევის 14-კაციან შემადგენლობას თავდაცვის მინისტრი, რუსტემ უმეროვი ხელმძღვანელობდა. რუსეთის დელეგაციას კი პუტინის თანაშემწე, ვლადიმერ მედინსკი.

ერთსაათიანი მოლაპარაკების შემდეგ, მოსკოვმა უკრაინისგან ომის შეწყვეტის მემორანდუმის პროექტი მიიღო. პირობებს შორისაა ცეცხლის შეწყვეტა, ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარება და უსაფრთხოების გარანტიები.