უკრაინა საზღვარგარეთ მყოფი უკრაინელებისთვის დახმარების ცენტრებს ხსნის - ზელენსკი

ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინა საზღვარგარეთ მყოფი უკრაინელებისთვის დახმარების ცენტრებს ხსნის, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჩეხეთის პრემიერ-მინისტრ პეტრ ფიალასთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ზელენსკის თქმით, უკრაინა გააგრძელებს ცენტრების გახსნას საზღვარგარეთ, რათა დახმარება გაუწიოს უკრაინელებს და შექმნას პირობები მათი სამშობლოში დაბრუნებისთვის.

როგორც უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, შესაბამისი ეროვნული ერთიანობის ცენტრები იხსნება და გაიხსნება ბევრ ქვეყანაში, სადაც უკრაინის მოქალაქეები იმყოფებიან.

„ჩვენ ვხსნით ცენტრებს გერმანიაში, ესპანეთში, პოლონეთში, ჩეხეთში. ასევე განვიხილავთ გაერთიანებულ სამეფოში გახსნის საკითხს და სხვა ქვეყნებშიც. ეს მუდმივი სამუშაო პროცესია. მე მხოლოდ ის ვიცი, როდის დაიწყო ეს პროცესი, მაგრამ არ ვიცი, როდის დასრულდება და რამდენი ასეთი ცენტრი დაგვჭირდება იმისათვის, რომ არ დავკარგოთ კავშირი საზღვარგარეთ მყოფ უკრაინელებთან“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მნიშვნელოვანია ასევე იმის აღნიშვნა, რომ ომის „ცხელი“ ფაზის დასრულების შემდეგ უკრაინელებს ექნებათ საზღვარგარეთიდან უკრაინაში დაბრუნების შესაძლებლობა.

მისივე თქმით, სხვადასხვა მიზეზი არსებობდა, რის გამოც მოქალაქეები საზღვარგარეთ წავიდნენ, არიან ოჯახები, რომელთა მამაკაცები გმირულად წავიდნენ უკრაინის დასაცავად, ხოლო მათი მეუღლეები ბავშვებთან ერთად საზღვარგარეთ გაემგზავრნენ.

„ომი ტრაგედიაა, რომელმაც ოჯახები დაყო, დატოვა ადამიანები უსახლკაროდ, უსიცოცხლოდ, ბავშვები – ბავშვობის გარეშე და ჩვენი ამოცანაა, რომ დავეხმაროთ უკრაინელებს თავიანთი ადგილის პოვნაში, უკრაინაში დაბრუნებაში, თუ მათ აქვთ ამის სურვილი და შესაძლებლობა, დავეხმაროთ დასაქმებაში და ა.შ.“ – განაცხადა ზელენსკიმ.