The New York Times: ტრამპის მუქარამ კითხვები გააჩინა იმის თაობაზე, თუ რა ბერკეტები აქვს დარჩენილი აშშ-ს მოსკოვთან მიმართებაში

ჰჰ

 სულ რაღაც 24 საათის შემდეგ, რაც პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რუსეთს უკრაინაში ომის გამო ფინანსური სანქციებით დაემუქრა, ის, როგორც ჩანს, არ იყო დარწმუნებული, იმუშავებდა თუ არა ეს სტრატეგია, - წერს ამერიკული გამოცემა The New York Times-ი.

Air Force One-ის ბორტზე ჟურნალისტებთან საუბრისას ტრამპმა აღნიშნა, რომ 10 დღეში შეერთებულ შტატებს შესაძლოა „ტარიფებისა და სხვა საკითხების“ დაწესება მოუწიოს.

„არ ვიცი, იმოქმედებს თუ არა ეს რუსეთზე, რადგან მას, ცხადია, ალბათ, ომის გაგრძელება სურს“, - განაცხადა ტრამპმა ვლადიმირ პუტინზე საუბრისას.

„მაგრამ ჩვენ დავაწესებთ ტარიფებსა და სხვადასხვა რამეს. შესაძლოა, ეს მათზე იმოქმედებს ან არ იმოქმედებს. თუმცა, შეიძლება იმოქმედოს“, - აღნიშნა მან.

„ნაკლებად სავარაუდოა, რომ ტრამპის ულტიმატუმი შეცვლის პუტინის აზრს ომთან დაკავშირებით. რუსეთის ლიდერმა დაიწყო ის, რასაც ის ისტორიულად განმსაზღვრელ მისიად მიიჩნევს, რათა უკრაინა კრემლის კონტროლის ქვეშ დააბრუნოს. პუტინი მიიჩნევს, რომ მას უპირატესობა აქვს ბრძოლის ველზე, სადაც კიევის სამხედრო მარაგი მცირდება, მოსკოვი კი წინსვლას აღწევს.“, - წერს The New York Times-ი.

სტატიაში ხაზგასმით აღნიშნულია, რომ „რუსეთი კვლავ დამოკიდებულია ნავთობსა და გაზზე, რომლებიც ქვეყნის შემოსავლების დაახლოებით მესამედს შეადგენს“.

ტრამპის მუქარა, დააწესოს მეორადი ტარიფები იმ ქვეყნებზე, რომლებიც რუსულ ნავთობს ყიდულობენ, მოიცავს ჩინეთს, ინდოეთსა და თურქეთს და წარმოადგენს შესაძლო ესკალაციას მისი გლობალური სავაჭრო ომის ფარგლებში.

საგარეო პოლიტიკის ექსპერტები ამბობენ, რომ ტრამპს სხვა ეკონომიკური და სამხედრო ვარიანტებიც აქვს, რათა რუსეთი ომის შეჩერებისკენ აიძულოს. ექსპერტების თქმით, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთმა სანქციებს გაუძლო, მისი ეკონომიკა მოწყვლადია.