სომხური მედიის ცნობით, სომხეთში, სატვირთო მანქანიდან ამოიღეს 30 კილოგრამამდე ჰაშიში, რომელიც ტრანზიტით საქართველოსკენ მიდიოდა

სატვირთო მანქანიდან ამოიღეს 30 კილოგრამამდე ჰაშიში

სომხეთში, სატვირთო მანქანიდან თითქმის 30 კილოგრამი ჰაშიში ამოიღეს, რომელიც ტრანზიტით საქართველოსკენ მიდიოდა, – ამის შესახებ სომხური მედია ავრცელებს ინფორმაციას.

გავრცელებული ცნობით, დაკავებულია ირანელი მძღოლი.

სატვირთო მანქანა სომხეთში შესვლისას, აგარაკის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე გააჩერეს.

სატვირთო მანქანას ოფიციალურად სამშენებლო ფილები გადაჰქონდა, საბოლოო დანიშნულების ადგილად კი, საქართველო იყო მითითებული.

რუტინული საბაჟო პროცედურების დროს, პირველადი რენტგენის შემოწმებით რაიმე დარღვევა არ გამოვლინდა. თუმცა, K9 მოწყობილობების გამოყენებით შემდგომმა შემოწმებებმა მისაბმელში ნარკოტიკების შესაძლო არსებობა აჩვენა. შემდეგ მანქანა უფრო დეტალური შემოწმებისთვის საბაჟო პუნქტში გაიგზავნა, სადაც მისაბმელის ნაწილები დაშალეს. ჩხრეკის შედეგად გამოვლინდა სპეციალურად გაკეთებული ფარული განყოფილებები, რომლებშიც მოთავსებული იყო 111 შეფუთვად დაწყობილი დაახლოებით 28 კილოგრამი ჰაშიში.

ირანის მოქალაქე დააკავეს და სიუნიქის რეგიონულ საგამოძიებო დეპარტამენტში გადაიყვანეს. აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და მიმდინარეობს გამოძიება საქმის ყველა გარემოების, ასევე, შესაძლო თანამზრახველებისა და ორგანიზატორების დასადგენად.