შექმნეს კალმის ზომის მიკროსკოპი, რომელსაც სიმსივნის ამოცნობა ადრეულ ეტაპზე შეუძლია

სიმსივნე

რაისის უნივერსიტეტისა და ტეხასის ცენტრის მკვლევრებმა სრულიად ახალი, ხელოვნურ ინტელექტზე (AI) დაფუძნებული მიკროსკოპი შექმნეს, რომელსაც სიმსივნის ადრეულ ეტაპზე ამოცნობა შეუძლია. 

მოწყობილობა, სახელწოდებით PrecisionView კალმის ზომისაა. ახალი ტექნოლოგია  სპეციალისტებს საშუალებას აძლევს, უჯრედული სტრუქტურები და სისხლძარღვები რეალურ დროში, ბიოფსიის გარეშე დაინახონ.

როგორც წესი, სამედიცინო პრაქტიკაში ხელოვნური ინტელექტი უკვე გადაღებული კადრების ხარისხის გასაუმჯობესებლად გამოიყენება. თუმცა ამ შემთხვევაში მეცნიერებმა AI უშუალოდ მიკროსკოპის ოპტიკური სისტემის შესაქმნელად დააპროგრამეს. შედეგად, PrecisionView-ს ტრადიციულ მოწყობილობებთან შედარებით 5-ჯერ უფრო ფართო ხედვის არე და 8-ჯერ უფრო ღრმა ფოკუსი აქვს, თანაც ისე, რომ უჯრედულ დონეზე გამოსახულების სიზუსტე არ იკარგება.

პირველადმა ტესტირებამ, რომელიც პაციენტების პირის ღრუსა და საშვილოსნოს ყელის ქსოვილებზე ჩატარდა, წარმატებით ჩაიარა; მოწყობილობამ პათოლოგიები უშეცდომოდ ამოიცნო. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ტექნოლოგია არა მხოლოდ ეფექტური, არამედ ხელმისაწვდომიცაა. მისი დამზადება დაახლოებით 3,000 დოლარი ჯდება, რაც იმას ნიშნავს, რომ PrecisionView-ს გამოყენება შესაძლებელი იქნება ისეთ კლინიკებსა და განვითარებად რეგიონებშიც, სადაც ლაბორატორიული ინფრასტრუქტურა არ არსებობს.

მიუხედავად იმისა, რომ ტექნოლოგიის კლინიკურ პრაქტიკაში ფართოდ დასანერგად დამატებითი კვლევებია საჭირო, მეცნიერები დარწმუნებულები არიან – AI-ისა და ინოვაციური ოპტიკის შერწყმა სამედიცინო დიაგნოსტიკის მომავალია, რომელიც მილიონობით ადამიანს დაგვიანებული დიაგნოზისგან დაიცავს.