რუსეთმა დონეცკის ოლქი დაბომბა - დაიღუპა ორი ადამიანი

donecki

 რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა დონეცკის ოლქში მდებარე ქალაქი დობროპოლიე დაბომბა, რის შედეგადაც სულ მცირე ორი ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას დონეცკის ოლქის სამხედრო საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ვადიმ ფილაშკინი „ტელეგრამის“ საკუთარ არხზე ავრცელებს.

მისი ინფორმაციით, რუსმა ოკუპანტებმა 500 კილოიანი მართვადი საავიაციო ბომბი ქალაქის სავაჭრო ცენტრ „ავრორას“ ესროლეს. თავდაპირველად ვრცელდებოდა ინფორმაცია 14 დაშავებულის შესახებ, მოგვიანებით დაშავებულთა რიცხვი 27-მდე გაიზარდა.

დაბომბვის შედეგად დაზიანდა 54 სავაჭრო წერტილი, 13 მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი და რვა ავტომობილი.

„ეს ჩვენს მიწაზე რუსების მიერ ჩადენილი კიდევ ერთი საშინელი დანაშაულია. ისინი ჩვენს განადგურებას ცდილობენ. ამიტომაც მე კვლავ მოვუწოდებ ყველა მოქალაქეს: გადადით უკრაინის უფრო უსაფრთხო რეგიონებში“, - დაწერა ფილაშკინმა.