Reuters: უკრაინელების თავდასხმის შემდეგ მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ მუშაობა შეაჩერა

მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ მუშაობა შეაჩერა

მოსკოვში მდებარე ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ მუშაობა შეაჩერა მას შემდეგ, რაც მას უკრაინული დრონები თავს დაესხნენ. ინფორმაციას Reuters-ი ორ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, დრონებით თავდასხმა კვირას მოხდა. მიუხედავად იმისა, რომ ქარხანამ უმნიშვნელო დაზიანებები მიიღო, მისი მუშაობა დამატებითი რისკების თავიდან აცილების გამო შეჩერდა. მოსალოდნელია, რომ ქარხანა მუშაობას რამდენიმე დღეში განაახლებს.

ადგილობრივი ხელისუფლების მტკიცებით, დრონი ქარხანასთან ახლოს ჩამოვარდა.

„წინასწარი მონაცემებით, თავდასხმის შედეგად 12 ადამიანი დაშავდა, რომელთა უმეტესობა ხელოსნები არიან, რომლებიც ქარხნის შესასვლელ ჭიშკართან იმყოფებოდნენ. ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ძირითადი ტექნოლოგიური პროცესები ხელუხლებელი დარჩა“, - განაცხადა მოსკოვის მერმა სერგეი სობიანინმა.

ქარხანა მოსკოვის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს და რუსეთის დედაქალაქს საწვავით ამარაგებს. მისი მფლობელია „გაზპრომნეფტი“.