მოსალოდნელი ცუნამის ფონზე, ტრამპი მოქალაქეებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს

დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ ამერიკის მოქალაქეებმა ცუნამის შესახებ გაფრთხილების ფონზე სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ.

„წყნარ ოკეანეში ძლიერი მიწისძვრის გამო ჰავაის მცხოვრებლებისთვის ცუნამის შესახებ გაფრთხილება მოქმედებს. ცუნამის შესახებ გაფრთხილება მოქმედებს ალასკასა და აშშ-ის წყნარი ოკეანეს სანაპიროზე. იაპონიასაც ემუქრება საფრთხე. აქტუალურ ინფორმაციას საიტზე tsunami.gov-ზე იპოვით. იყავით ძლიერი და თავს გაუფრთხილდით“, - დაწერა ტრამპმა.

აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის (USGS) ცნობით, რამდენიმე საათის წინ 8,7 მაგნიტუდის ძლიერი მიწისძვრა მოხდა რუსეთის ქალაქ პეტროპავლოვსკ-კამჩატკიდან დაახლოებით 136 კილომეტრის მანძილზე, 19 კილომეტრის სიღრმეზე.

ეს მიწისძვრა ყველაზე ძლიერია 2011 წლის შემდეგ, როდესაც იაპონიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში 9.0-9.1 მაგნიტუდის მეგამიწისძვრა მოხდა. მიწისძვრის გამო ცუნამის შესახებ გაფრთხილება გამოცხადდა რუსეთის ზოგიერთ ნაწილში, იაპონიაში, ალასკაზე, ჰავაისა და აშშ-ის დასავლეთ სანაპიროზე.