ტროპარი და კონდაკი, რომელიც დიდ ოთხშაბათს იკითხება
1775591024
ბუდაპეშტში ორბანის საარჩევნო კამპანიის ფარგლებში მხარდამჭერებთან შეხვედრის დროს, რომელსაც აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი ესწრებოდა, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს სატელეფონო ჩართვის საშუალებით გამოუცხადა მხარდაჭერა.
დონალდ ტრამპს ჯეი დი ვენსმა დაურეკა და მისი განცხადება ორბანის მხარდამჭერებს მოასმენინა.
„ბატონო პრეზიდენტო, თქვენ დაახლოებით ხუთი ათასი უნგრელი პატრიოტი გისმენთ და ვფიქრობ, მათ თქვენ ვიქტორ ორბანზე მეტადაც კი უყვარხართ“, – განაცხადა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა.
დონალდ ტრამპმა უნგრეთის პრემიერს შესანიშნავი ადამიანი უწოდა, განაცხადა, რომ მისი დიდი გულშემატკივარია. ტრამპის თქმით, შეერთებული შტატები ყოველთვის ორბანის გვერდითაა.
„მიყვარს უნგრეთი და მიყვარს ვიქტორი, შემიძლია, გითხრათ, რომ ის შესანიშნავი ადამიანია და ჩვენ შესანიშნავი ურთიერთობა გვქონდა. ის თავის საქმეს აკეთებს. გახსოვდეთ, მან არ მისცა უფლება, რომ თქვენი ქვეყანა შტურმით აეღოთ, თქვენს ქვეყანაში შემოჭრილიყვნენ, როგორც ეს სხვებმა გააკეთეს და, გულწრფელად რომ ვთქვათ, თავიანთი ქვეყნები გაანადგურეს. მან თქვენი ქვეყანა კარგ მდგომარეობაში შეინარჩუნა, უნგრელი ხალხი ქვეყანაში დატოვა და შესანიშნავი საქმე გააკეთა. მინდა, გითხრათ, რომ ის ძალიან მომწონს. რომ არ ვფიქრობდე, კარგად მუშაობს, ასეთ ზარს არ განვახორციელებდი. როგორც ჩანს, დიდი შეკრებაა და ეს ისეთი ხალხია, როგორიც მე მომწონს“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა ტელეფონით ჩართვის დროს.
ამასთან, დონალდ ტრამპის განცხადებით, სწორედ ვიქტორ ორბანის დამსახურებაა, რომ უნგრელ ხალხს არ აქვს ისეთი პრობლემები, როგორიც ბევრ სხვა ქვეყანას, რომლებმაც სხვებს მათ ტერიტორიაზე შეჭრის უფლება მისცეს.
„თქვენ არ გაქვთ ის პრობლემები, რაც ამდენ სხვა ქვეყანას აქვს, რადგან დაუშვეს მათი ქვეყნების დაპყრობა. ეს პრობლემა სწორედ ვიქტორ ორბანის გამო არ გაქვთ, ეს ერთადერთი მიზეზია, რის გამოც პრობლემა არ გაქვთ. მასზე დიდი ზეწოლა იყო და სხვა ქვეყნებმა დიდი შეცდომები დაუშვეს. ასე რომ, გისურვებთ დიდ წარმატებას და ყველანი მიყვარხართ“, – განაცხადა ტრამპმა.