მატარებლების შეჯახებას მსხვერპლი მოჰყვა - ტრაგედია ბრიტანეთში

ბრიტანეთი

ბრიტანეთის ქალაქ ბედფორდის მიმდებარედ ორი სამგზავრო მატარებლის შეჯახების შედეგად ერთი მემანქანე დაიღუპა, ხოლო 89 ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, შემთხვევის ადგილზე საგანგებო სამსახურები მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ.

აღმოსავლეთ ინგლისის სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ინფორმაციით, დაშავებულთაგან 11 ადამიანის მდგომარეობა „უკიდურესად მძიმეა“, 22-მა კი სერიოზული დაზიანებები მიიღო. კიდევ 56-მა მგზავრმა მსუბუქი ტრავმები მიიღო და მათ ადგილზე გაუწიეს დახმარება, ზოგი კი საავადმყოფოებში გადაიყვანეს.

რკინიგზის ოპერატორის განცხადებით, ავარიაში მონაწილეობდა კომპანია East Midlands Railway-ის ორი მატარებელი. ერთი კორბიდან ლონდონის სენტ-პანკრასის სადგურის მიმართულებით მოძრაობდა, ხოლო მეორე - ნოტინგემიდან ლონდონის სენტ-პანკრასის სადგურამდე.

ადგილობრივ მოსახლეობას ხელისუფლებამ ღამით მოუწოდა, გადაუდებელი აუცილებლობის გარეშე არ მიემართათ რეგიონის საავადმყოფოების გადაუდებელი დახმარების განყოფილებებისთვის, რათა სამედიცინო რესურსები დაშავებულთა დახმარებაზე ყოფილიყო კონცენტრირებული.

მომხდარს სოციალურ ქსელ X-ში გამოეხმაურა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი.

„უკიდურესად შემაშფოთებელია ცნობები ბედფორდის მახლობლად ორი სამგზავრო მატარებლის შეჯახების შესახებ. უპირველეს ყოვლისა, ჩემი ფიქრები იმ ადამიანის ოჯახთანაა, რომელიც სამწუხაროდ გარდაიცვალა, ასევე მათთან, ვინც მძიმე დაზიანებები მიიღო“, - დაწერა სტარმერმა.

მან სამაშველო სამსახურს დროული და მყისიერი დახმარების გაწევისთვის მადლობა გადაუხადა.