კიევის მერმა ტრამპის გადაწყვეტილება რუსეთისთვის უკრაინაში ომის შეწყვეტისთვის 50-დღიანი ვადის მიცემის შესახებ გააკრიტიკა

ვიტალი კლიჩკო

კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის რუსეთისთვის უკრაინაში სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად 50-დღიანი ვადის მიცემის გადაწყვეტილება გააკრიტიკა. ინფორმაციას გერმანული მედია ავრცელებს.

„50 დღეში დედაქალაქში და მთელ უკრაინაში უფრო მეტი ადამიანი დაიღუპება და მეტი დანგრეული შენობა იქნება. რა საჭიროა ასეთი გაჭიანურება?“, - განაცხადა კლიჩკომ გერმანულ მედიასთან ინტერვიუში.

კიევის მერი ვარაუდობს, რომ ტრამპს ჯერ კიდევ იმედი აქვს, რომ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ომს შეაჩერებს. თუმცა, როგორც კიევის მერი ამბობს, მას ამის არ სჯერა. კლიჩკოს თქმით, ის მოხარულია, რომ აშშ უკრაინას სამხედრო დახმარებას გაუწევს.

ცნობისთვის, ტრამპმა გუშინ განაცხადა, რომ რუსეთის ხელმძღვანელობას 50-დღიან ვადას აძლევს, რათა მან უკრაინასთან სამშვიდობო შეთანხმებას მიაღწიოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც ტრამპმა აღნიშნა, ის რუსეთის სავაჭრო პარტნიორების წინააღმდეგ 100-პროცენტიან მეორად ტარიფებს შემოიღებს.