გერმანიის ეროვნული უშიშროების საბჭოს პირველ სხდომაზე რუსეთიდან მომდინარე ჰიბრიდული საფრთხეები განიხილეს

გერმანიის ეროვნული უშიშროების საბჭო

გერმანიის ეროვნულმა უშიშროების საბჭომ პირველი სხდომა გამართა, სადაც რუსეთიდან მომდინარე ჰიბრიდული საფრთხეები განიხილეს. სხდომას გერმანიის კანცლერი, ფრიდრიხ მერცი ხელმძღვანელობდა.

მერცის პრესმდივანმა, შტეფან კორნელიუსმა განაცხადა, რომ ეროვნული უშიშროების საბჭოს პირველი სხდომა „ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგ საპასუხო უწყებათაშორისი სამოქმედო გეგმის“ მიღებას დაეთმო.

„სამოქმედო გეგმა, სხვა საკითხებთან ერთად, მოიცავს კონტრდაზვერვისა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვის სფეროებში ზომების მიღებას. ფედერალური მთავრობა რეაგირებს გერმანიის წინააღმდეგ მიმართული, განსაკუთრებით რუსეთიდან მომდინარე, ჰიბრიდული საფრთხეების მზარდ რაოდენობასა და ინტენსივობაზე“, – ნათქვამია განცხადებაში.

გერმანიაში ეროვნული უშიშროების საბჭოს შექმნის გეგმის შესახებ პირველად 2023 წელს გამოცხადდა. თუმცა, ყოფილი კანცლერის, ოლაფ შოლცის სოციალ-დემოკრატებსა და მის მთავარ კოალიციურ პარტნიორს, „მწვანეებს“ შორის უთანხმოების გამო, საბოლოოდ ეს გეგმა ჩაიშალა. ეროვნული უშიშროების საბჭო ფრიდრიხ მერცის მთავრობის დროს, 2025 წლის აგვისტოში შეიქმნა.