გერმანიამ, შესაძლოა, პალესტინის სახელმწიფო აღიაროს - Bloomberg

იოჰან ვადეფული

გერმანიის მთავრობამ, შესაძლოა, პალესტინის სახელმწიფო აღიაროს. ინფორმაციას Bloomberg-ი გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრზე, იოჰან ვადეფულზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, მისმა მთავრობამ პალესტინის აღიარების პროცესი, შესაძლოა დააჩქაროს.

სააგენტო აღნიშნავს, რომ ვადეფულმა გუშინ ისრაელი და პალესტინის ტერიტორიები მოინახულა, რა დროსაც თქვა, რომ გერმანიის მთავრობა თავის მიზანს, რომელიც ორი სახელმწიფოს პრინციპით კონფლიქტის დარეგულირებას გულისხმობს, არ გადაუხვევს.

„გერმანიისთვის პალესტინის სახელმწიფოს აღიარება - პროცესის დამამთავრებელი ეტაპია. ეს ეტაპი ახლავე უნდა დაიწყოს“, - ციტირებს Bloomberg-ი ვადეფულს.

სააგენტოც ცნობით, იმ ფონზე, რომ სულ უფრო მეტი ევროპული ქვეყანა ღაზის სექტორში ჰუმანიტარული კატასტროფის გამო ისრაელთან მიმართებაში მკაცრ პოზიციას იკავებს, გერმანიაც განიცდის მზარდ ზეწოლას, ისრაელთან ტრადიციულად მჭიდრო კავშირის მიუხედავად.