ფრაზა, რომლითაც ისტორიაში შევიდა... - NASA-ს ცნობილი ასტრონავტი გარდაიცვალა

NASA

NASA-ს ცნობილი ასტრონავტი ჯიმ ლოველი გარდაიცვალა, რომელიც  1970 წელს, Apollo 13-ის ლეგენდარულ მისიას ხელმძღვანელობდა. ის 97 წლის იყო. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

NASA-ს პრესრელიზის თანახმად, ლოველი 7 აგვისტოს, ილინოისის შტატის ქალაქ ლეიკ ფორესტში გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზი ჯერჯერობით დადგენილი არ არის.

1970 წელს, მთვარეზე გამგზავრების მორიგი მისია წარუმატებელი აღმოჩნდა, რადგან  ეკიპაჟის მომსახურების მოდულში მდებარე ჟანგბადის ავზი აფეთქდა, როდესაც ხომალდი დედამიწიდან დაახლოებით 200 000 მილის დაშორებით იმყოფებოდნენ. ჯიმ ლოველთან ერთად, ხომალდში ჯონ სვიგერტ უმცროსი და ფრედ ჰეის უმცროსი იმყოფებოდნენ.

ავარიის შედეგად, ეკიპაჟი მთვარესთან ახლოს გაიჭედა ჟანგბადის და წყლის მინიმალური მარაგით და ავარიის შესახებ შეტყობინება სამუდამოდ ისტორიაში შევიდა. ცნობილი ფრაზა "ჰიუსტონ, პრობლემა გვაქვს" სწორედ ჯიმ ლოველის ეკუთვნის.

ენერგიის წყაროს და სხვა სასიცოცხლო სისტემების დაზიანების გამო, Apollo 13-ის ეკიპაჟს მთვარის ზედაპირზე მოგზაურობის მოულოდნელად შეწყვეტა და დედამიწაზე დაბრუნება მოუწია. სამკაციანი ეკიპაჟი აფეთქებიდან დაახლოებით სამი დღის შემდეგ, სამხრეთ წყნარ ოკეანეში  დაეშვა. აღნიშნული მოვლენა Apollo 13-ის "წარმატებული წარუმატებლობის“ სახელით გახდა ცნობილი.

ისტორიულ ფრენაზე 1995 წელს ფილმი, Apollo 13-ი გადაიღეს, სადაც ლოველის როლი ტომ ჰენქსმა შეასრულა.