1755334553
Financial Times: ტრამპმა პუტინს წითელი ხალიჩა გაუშალა, უკრაინელები კი შორიდან აკვირდებოდნენ

დონალდ ტრამპმა და ვლადიმირ პუტინმა პარასკევს ალასკაზე დაგეგმილ სამიტამდე განცხადებების გაკეთებისგან თავი შეიკავეს, თუმცა, რუსეთის პრეზიდენტისთვის გაწეულმა პატივმა და ზეიმმა ყველაფერი თქვა - პუტინმა ელმენდორფის საჰაერო ბაზაზე წითელ ხალიჩაზე ჩაიარა, მას ტრამპი ტაშითა და საპატიო ყარაულით შეხვდა, - წერს ბრიტანული გამოცემა Financial Times-ი სტატიაში სათაურით ტრამპმა პუტინს წითელი ხალიჩა გაუშალა, უკრაინელები კი შორიდან აკვირდებოდნენ.
„სამიტმა პუტინი კვლავ უმაღლეს დონეზე დააბრუნა, რითაც მოულოდნელად დასრულდა წლების განმავლობაში დასავლეთის მცდელობა, რომ იგი უკრაინაში შეჭრის გამო გარიყული გაეხადათ“, - ნათქვამია სტატიაში.
უკრაინელმა ჯარისკაცმა, ოლექსანდრ სოლონკომ განაცხადა, რომ „ძალიან ენანება ამერიკელი სამხედროები, რომლებიც იძულებული გახდნენ პუტინისთვის წითელი ხალიჩა გაეშალათ“.
„ეს ისეთი დამცირებაა, რომელსაც არცერთ ამერიკელ ჯარისკაცს არ ვუსურვებდი“, - აღნიშნა მან.
უკრაინის პრეზიდენტის უახლოესმა თანაშემწეებმა განაცხადეს, რომ ღელავენ, რადგან საკუთარი ქვეყნის მომავალთან დაკავშირებულ დისკუსიებში არ მონაწილეობენ.
„ერთ დღეს სანქციებზე საუბრობს, მეორე დღეს სამმხრივ შეხვედრაზე. შემდეგ კი კურსს სრულად ცვლის. ამას აზრი არ აქვს“, - განაცხადა უკრაინელმა ოფიციალურმა პირმა დონალდ ტრამპზე.
ზელენსკი ასევე იმედოვნებს, რომ სამიტის შემდეგ კიევისთვის უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით აშშ კონკრეტულ ვალდებულებებს მიიღებს.