ევროპის ქვეყნები ირანის წინააღმდეგ სანქციებს, სავარაუდოდ, ხელახლა დააწესებენ – ემანუელ მაკრონი

ემანუელ მაკრონი

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ ევროპის ქვეყნები ირანის წინააღმდეგ სანქციებს, სავარაუდოდ, ხელახლა დააწესებენ. მისივე თქმით, ოფიციალური თეირანი არ ითვალისწინებს საერთაშორისო საზოგადოების მოთხოვნებს.

მაკრონმა ასევე აღნიშნა, რომ დიდმა ბრიტანეთმა, საფრანგეთმა და გერმანიამ (ე.წ. E3-მა) აგვისტოს ბოლოს 30-დღიანი პროცესი დაიწყეს ირანისთვის გაერო-ს სანქციების ხელახლა დასაწესებლად. მაკრონის თქმით, ირანისთვის სანქციების დაწესება ექვსი თვით იმ შემთხვევაში გადავადდება, თუ ოფიციალური თეირანი ურანის გამდიდრების შესახებ გაერო-ს რეკომენდაციებს შეასრულებს და ორგანიზაციას შესაბამის ინფორმაციას მიაწვდის.

„როიტერის“ ინფორმაციით, ოთხშაბათს, E3-ის საგარეო საქმეთა მინისტრებმა, ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელმა და მათმა ირანელმა კოლეგამ სატელეფონო საუბარი გამართეს, რომლის დასრულების შემდეგაც დიპლომატებმა განაცხადეს, რომ მოლაპარაკების შედეგად არსებითი პროგრესი არ ყოფილა. გამოცემა წერს, რომ ამის მიუხედავად, ვადის ამოწურვამდე შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა ჯერ კიდევ არსებობს.