1755334553
„ჩვენ მას ვენდობით“ - ალასკაზე, ტრამპისა და პუტინის სამიტის პარალელურად, ტრამპის მხარდამჭერები აქციას მართავენ

ალასკაზე, იმავე ადგილას, სადაც პუტინ-ტრამპის სამიტის წინ, უკრაინის მხარდამჭერი მიტინგი გაიმართა, ახლა დონალდ ტრამპის მხარდამჭერები შეიკრიბნენ. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
იქ რამდენიმე ასეული ადამიანია შეკრებილი, გუშინდელ პროუკრაინულ აქტივისტებთან შედარებით ოდნავ ნაკლები - წერს BBC. მონაწილეებმა თან მიიტანეს აშშ-ის დროშები და ტრამპთან დაკავშირებული სიმბოლოები.
მიტინგზე არ არის რუსული დროშები ან პლაკატები, რომლებიც გამოხატავენ მხარდაჭერას ან კრიტიკას ვლადიმერ პუტინის მიმართ. ტრამპის ერთ-ერთ მხარდამჭერს უჭირავს პლაკატი სლოგანით "ღვთის მშვიდობა".
აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, ელეონორამ, რომელსაც პლაკატი ეჭირა, BBC-ს განუცხადა, რომ მისთვის დიდი პატივია, ასეთი მნიშვნელოვანი შეხვედრა ალასკაზე რომ იმართება და სჯერა, რომ პრეზიდენტ ტრამპს შეუძლია შეთანხმების დადება როგორც რუსეთთან, ასევე უკრაინასთან.
"ჩვენ მას ვენდობით" - თქვა მან.