ჩინეთში ერთი ოჯახის წევრებმა ერთმანეთზე 23-ჯერ იქორწინეს

ქორწილი

ჩინეთში ერთი ოჯახის წევრებმა ერთმანეთზე 23-ჯერ იქორწინეს. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. 

გამოცემის ცნობით, მამაკაცის, სახელად პანის ოჯახის 11 წევრი, ერთმანეთის გარდა, არავისზე ქორწინდება.  სულ რაღაც ორ კვირაში ამ ადამიანებმა ერთმანეთთან 23-ჯერ განქორწინება და დაქორწინება მოახერხეს.

პანის ოჯახში საქორწინო ორომტრიალს წინ ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილება უძღოდა, რომელიც ქალაქ ლიშუის აღსადგენად, თითო ოჯახზე  40 კვ. მ. ბინის გაცემას ითვალისწინებდა. განაცხადის შეტანის ვადა შეზღუდული იყო - ოჯახებს საბუთების მოგროვება და მერიაში შეტანა მალევე უნდა მოესწროთ.

ხელისუფლება ფიქრობდა, რომ განაცხადის შეზღუდული დრო თაღლითობის მცდელობებს აღკვეთდა, მაგრამ ლიშუის მცხოვრებლები უფრო ეშმაკები და მოხერხებულები აღმოჩნდნენ.

პანის ოჯახმა გადაწყვიტა რაც შეიძლება ბევრი ქორწინება დაერეგისტრირებინა, რათა მეტი ბინის მფლობელი გამხდარიყო. ყველა, ვისაც დაქორწინების ასაკი ჰქონდა, დაქორწინდა: ძმები ბიძაშვილებზე, ქმრები ცოლის დებზე და ა.შ.

ერთ მშვენიერ დღეს ქალაქის რეკონსტრუქციის პროექტზე პასუხისმგებელმა უწყებამ აღმოაჩინა, რომ მოსახლეობისთვის საცხოვრებელი ფართი არ ჰყოფნიდა, არადა რეკონსტრუქციის დაწყებამდე წინასწარ გამოთვალა, რამდენი ოჯახისთვის მოუწევდა სახლის გადაცემა.

საბუთების შესწავლის დროს პროექტის ხელმძღვანელმა შენიშნა, რომ ერთ-ერთი მამაკაცი ერთდროულად რამდენიმე ოჯახის წევრი იყო და მაშინვე პოლიციას დაუკავშირდა.

კუთვნილზე 2-3 ბინით მეტს რომ დასჯერებოდა და ერთბაშად 20 ბინის ხელში ჩაგდება არ მოენდომებინა, პანის ოჯახს ყველაფერი შერჩებოდა, მაგრამ თაღლითობის გამოაშკარავების შემდეგ პოლიციამ ამ საქმის 11 მონაწილე დააკავა.