“წვიმა და უმეტესად ღრუბელი” - ნახეთ, ამინდის დღევანდელი პროგნოზი
1748836298
გაბრაზებას ამერიკის შეერთებული შტატების 47-ე პრეზიდენტი აღარ მალავს. ომი, რომელიც დონალდ ტრამპს 24 საათში უნდა დაესრულებინა, ისევ გრძელდება. ამჯერად, თეთრ სახლში შეშფოთება, განსაკუთრებით კრემლის ბოლო ქმედებებმა გამოიწვია.
ვაშინგტონი, რომ მანამდე შერბილებულ ტონს უფრო ამკაცრებს, ამას ამერიკელი სენატორების კიევში ვიზიტიც ადასტურებს. გუშინ ომში მყოფი ქვეყნის დედაქალაქიდან მოსკოვს მორიგი ულტიმატუმი წაუყენეს. ომი ან მშვიდობა. შეახსენეს ისიც, რომ თუ პუტინი არჩევანს ომზე შეაჩერებს, ეს მოსკოვს ძალიან ძვირად დაუჯდება.
დასავლეთს ულტიმატუმზე ულტიმატუმითვე პასუხობს მოსკოვი და ურჩევს, კონფლიქტის მოგვარების პროცესს გაგებით მოეკიდოს. სანამ ამერიკელი და ევროპელი ლიდერები, რუსეთის დასჯაზე იმსჯელებენ, 2 ივნისს, პუტინის დელეგაცია უკრაინელ დიპლომატებს სტამბოლში იმ მოლაპარაკების მაგიდასთან დაელოდება, რომელზეც კრემლში შედგენილი სამშვიდობო მემორანდუმი დაიდება.
კიევი მემორანდუმის პროექტს სტამბოლში ჩასვლამდე ითხოვს. მოსკოვი პოზიციას არ ცვლის, ამბობს, რომ დოკუმენტი წინასწარ მეორე მხარეს არ გადაეცემა და არც შეხვედრის შემდეგ გასაჯაროვდება. რა ჩაწერა რუსეთის დელეგაციამ ოფიციალურ დოკუმენტში? ამაზე კონკრეტული პასუხი ჯერ არ არსებობს, თუმცა მედია განსხვავებულ ვერსიებს უკვე ავრცელებს, მათ შორის არის - ყველაფერი ან არაფერი.
სტამბოლში უკრაინა მარტო არ იქნება. ომში მყოფ ქვეყანასთან ერთად რუსეთთან მოლაპარაკებების გასამართად - დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, საფრანგეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენლებიც ჩავლენ. 3 წლიანი პაუზის შემდეგ ევროპული სახელმწიფოების წარმომადგენლები მოსკოვთან პირდაპირი დიალოგის გამართვას აანონსებენ. მანამდე, უკრაინას უკვე ეწვია მთავარი შუამავლის, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, შედგა სატელეფონო საუბარი ორი ქვეყნის პრეზიდენტებს შორისაც.
უკრაინაში ომი 1192 დღეა გრძელდება. ომში მყოფი ქვეყნის ქალაქები რუსეთის სამხედრო ძალებმა გასულ ღამესაც დაბომბეს.