1748980445
კახეთის პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია უკრაინის მოქალაქე

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო და დეტექტივების სამმართველოების თანამშრომლებმა, კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, უკრაინის მოქალაქე 2000 წელს დაბადებული ვ.ა. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვისა და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო რეალიზაციის მცდელობის ბრალდებით დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სამართალდამცველებმა თბილისში, ბრალდებულის საცხოვრებელ ბინაში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები: „მეთადონი", „მეფედრონი" და „ტეტრაჰიდროკანაბინოლი“.
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციის მიერ, ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები და ელექტრო სასწორები.
ბრალდებულის მიერ მითითებული ლოკაციებიდან, სამართალდამცველებმა ნივთმტკიცების სახით, ასევე, ამოიღეს მის მიერ, შემდგომი რეალიზაციის მიზნით განთავსებული ნარკოტიკი.გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 19-260-ე ტერცია მუხლებით მიმდინარეობს.