არ არსებობს სამხედრო მიზანი, რომელიც გაამართლებს საზოგადოების ინფრასტრუქტურის სრულ განადგურებას ან მშვიდობიანი მოსახლეობის მიზანმიმართულ ტანჯვას - გაეროს გენერალური მდივნის პრესსპიკერი

გაეროს უშიშროების საბჭო

გაეროს გენერალური მდივანი ანტონიუ გუტერეში „ღრმად შეშფოთებულია“ იმ განცხადებით, რომელიც მიანიშნებს, რომ მთელი ხალხი ან ცივილიზაცია შეიძლება, „პოლიტიკური და სამხედრო გადაწყვეტილებების შედეგების“ წინაშე აღმოჩნდეს. ამის შესახებ გაეროს გენერალური მდივნის პრესსპიკერმა, სტეფან დუჟარიკმა განაცხადა.

მედიის ცნობით, გუტერეშის პრესსპიკერს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სახელი არ უხსენებია.

„არ არსებობს სამხედრო მიზანი, რომელიც გაამართლებს საზოგადოების ინფრასტრუქტურის სრულ განადგურებას ან მშვიდობიანი მოსახლეობის მიზანმიმართულ ტანჯვას“, – განაცხადა გუტერეშის პრესსპიკერმა.

როგორც სტეფან დუჟარიკმა აღნიშნა, გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ ლიდერებს კვლავ შეუძლიათ, „განადგურების ნაცვლად, დიალოგი აირჩიონ“. მისივე თქმით, მოლაპარაკებების სასარგებლოდ არჩევანი ახლავე უნდა გაკეთდეს.

გაეროს გენერალური მდივნის პრესსპიკერის განცხადებით, ანტონიუ გუტერეშის მოწოდებაა მშვიდობისკენ მიმავალი გზის მოსაძებნად დიპლომატიის გაძლიერება და ჰორმუზის სრუტის ხელახალი გახსნა.