3 წლის გოგონა, რომელიც გუშინ საავადმყოფოში მიიყვანეს, ნაწამებია – პოლიციამ ბავშვის დედა დააკავეს (საბერძნეთი)

საბერძნეთი

პოლიცია კრეტაზე 3 წლის გოგონას მიმართ არასათანადო მოპყრობისა და ფიზიკური ძალადობის საქმის ყველა დეტალს სწავლობს – ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობაც მძიმეა და საავადმყოფოში იმყოფება. გამოძიების მიზანია პასუხისმგებელი პირების გამოვლენა და დასჯა.

საბერძნეთის პოლიციის პრესსპიკერმა, ტელეკომპანია “ERTnews“-ს განუცხადა, რომ სამართალდამცველებმა უკვე განახორციელეს დაკავებები და საქმესთან დაკავშირებულ სხვა პირებსაც ეძებენ.

კერძოდ, დაკავებულია ბავშვის დედა, ხოლო პოლიცია კიდევ ერთ პირს – მამაკაცს ეძებს, რომელიც ბავშვის მამად არის დაფიქსირებული  და დედის ყოფილი პარტნიორია.

საქმე მას შემდეგ გახმაურდა, რაც 3 წლის გოგონამ საბავშვო სათამაშო მოედანზე გონება დაკარგა. ექიმებმა, რომლებმაც ბავშვი გასინჯეს, დაადგინეს, რომ მას სხეულზე მრავლობითი დაზიანებები აღენიშნებოდა, რამაც სამართალდამცველებს საფუძველი მისცა ევარაუდათ, რომ საქმე გვაქვს ფიზიკურ ძალადობასთან და არა უბრალოდ უბედურ შემთხვევასთან – ბავშვი, ფაქტობრივად, ნაწამებია.

პოლიციის პრესსპიკერმა აღნიშნა, რომ მკურნალი ექიმების აღწერით, ბავშვი “საკმაოდ ნაწამები და ნაცემია“. ამასთანავე, ელოდებიან სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას, რათა ზუსტად გაირკვეს, ხომ არ არის ეს დაზიანებები ხანგრძლივი დროის განმავლობაში მიყენებული და რა ვითარებაში მოხდა ეს ყოველივე.

წყარო: