გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმის სრული რეაბილიტაცია იწყება

თიკა რუხაძე

საქართველოს გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმის სრული რეაბილიტაცია იწყება.

სარეაბილიტაციო სამუშაოები 2025-2027 წლებს მოიცავს. პროექტით გათვალისწინებულია შენობის გამაგრება, თანამედროვე სისტემებით აღჭურვა და შიდა კომუნიკაციების განახლება. სამუშაოები ორ ეტაპად ჩატარდება. პირველ ეტაპზე გამაგრდება ნაგებობა და მოწესრიგდება ფასადი, მეორე ეტაპზე კი გათვალისწინებულია შენობის თანამედროვე სისტემებით აღჭურვა და რემონტი.

რეაბილიტაციის გეგმა საქართველოს კულტურის მინისტრმა თინათინ რუხაძემ სამინისტროს კულტურული მემკვიდრეობის დეპარტამენტის მუზეუმების სამმართველოს უფროს მაკა სოხაძესთან, ლიტერატურის მუზეუმის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელ თეა თვალავაძესთან, საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურ დირექტორ კონსტანტინე გამსახურდიასთან, დირექტორის მოადგილე მირიან ხოსიტაშვილსა და მუზეუმის თანამშრომლებთან ერთად განიხილა.

სარეაბილიტაციო სამუშაოების პერიოდში ლიტერატურის მუზეუმში დაცული უნიკალური ფონდები და მუზეუმის თანამშრომლები საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში დაიდებენ ბინას.

მუზეუმში მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები, დაახლოებით 50 წელია, არ ჩატარებულა.

ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს.