18 მაისს ოზურგეთში ჯემალ ჭკუასელის 90 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ანსამბლ „ერისიონის“ კონცერტი გაიმართება

ჯემალ ჭკუასელის 90 წლის იუბილე

18 მაისს, 20:00 საათზე, ოზურგეთის თეატრალურ მოედანზე, ჯემალ ჭკუასელის 90 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ანსამბლ „ერისიონის“ კონცერტი გაიმართება, - განაცხადა ოზურგეთის მერმა ავთანდილ თალაკვაძემ მუნიციპალიტეტის სხდომაზე.

როგორც მერმა აღნიშნა, მაყურებელი იხილავს შოუ-პროგრამას - „ქართული საგანძური“.

„18 მაისს, ოზურგეთში, თეატრალურ მოედანზე, კულტურის სამინისტროსა და ოზურგეთის მერიის მხარდაჭერით, გამოჩენილი ლოტბარის, საზოგადო მოღვაწის, საქართველოს სახალხო არტისტის, სახელმწიფო და შოთა რუსთაველის პრემიების ლაურეატის, ბატონი ჯემალ ჭკუასელის 90 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებების ფარგლებში, სოლო კონცერტს გამართავს ანსამბლი „ერისიონი“. მაყურებელი იხილავს სამხატვრო ხელმძღვანელის - ბატონი შერმადინ ჭკუასელისა და მთავარი ქორეოგრაფის - ქალბატონი ეკა ჭკუასელის მიერ დადგმულ შოუ-პროგრამას - „ქართული საგანძური“, - განაცხადა ავთანდილ თალაკვაძემ.

მერმა ასევე ისაუბრა ღონისძიებაზე, რომელიც „ერისიონის“ კონცერტის დასრულების შემდეგ, ოზურგეთის მერიის ხელშეწყობით, სკოლებში ბოლო ზართან დაკავშირებით გაიმართება.„18 მაისს, 21:30 საათზე,„ერისიონის“ კონცერტის დასრულების შემდეგ, თეატრალურ მოედანზე, ღია სივრცეში DJ გიგა პაპასკირი დაუკრავს. ვეპატიჟებით ყველა ახალგაზრდას და არამარტო მათ“, - აღნიშნა ოზურგეთის მერმა ავთანდილ თალაკვაძემ.