“თვითმფრინავში მქონდა ხილვა…” - გოგა მანიას წინასწარმეტყველება, რომელიც ახდა
1749805299
საქართველოს პარლამენტმა კენჭი უყარა და მხარი დაუჭირა საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტს „საქართველოს ეროვნული ბანკის 2024 წლის საქმიანობის ანგარიშის თაობაზე“, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ წარადგინა. ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.
ეროვნული ბანკის ანგარიში მოიცავს ფულად-საკრედიტო, სავალუტო და საზედამხედველო პოლიტიკის მიმოხილვას და აუდიტირებულ ფინანსურ ანგარიშგებას.
ნათია თურნავამ მოხსენებაში ის პრიორიტეტული მიმართულებები მიმოიხილა, რომლითაც საანგარიშო პერიოდში ქვეყნის ცენტრალური ბანკი ხელმძღვანელობდა.
თავისი გამოსვლა მან ეროვნული ბანკის ძირითადი ამოცანის - ფასების სტაბილურობის შესახებ საუბრით დაიწყო და აღნიშნა, რომ ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფა გრძელვადიანი ეკონომიკური კეთილდღეობის წინაპირობაა. აღნიშნული მიზნის მისაღწევად ეროვნული ბანკი მონეტარულ პოლიტიკას ინფლაციის თარგეთირების რეჟიმით ახორციელებს, ინფლაციის მიზნობრივი დონე კი 2018 წლიდან 3 პროცენტს შეადგენს.
„აღსანიშნავია, რომ 2024 წელს ინფლაცია კვლავ სტაბილურად დაბალ დონეზე შენარჩუნდა და საშუალოდ 1.1 პროცენტი შეადგინა. საბაზო ინფლაცია კი, რომელიც სამომხმარებლო კალათიდან სურსათის, ენერგომატარებლების და სიგარეტის მაღალი მერყეობით გამორჩეულ ფასებს გამორიცხავს, საშუალოდ 1.6 პროცენტი იყო. დაბალინფლაციური გარემო ძირითადად შიდა ეკონომიკური ფაქტორებიდან მომდინარეობდა. კერძოდ, ეროვნული ბანკის ადეკვატური პოლიტიკის შედეგად გრძელვადიანი ინფლაციური მოლოდინები მიზნობრივ მაჩვენებელთან ახლოს ნარჩუნდებოდა. გარდა ამისა, ეკონომიკის წარმოების ჯამური პოტენციალის გაუმჯობესებამ ძლიერი ერთობლივი მოთხოვნიდან მომდინარე ინფლაციური წნეხი გარკვეულწილად შეარბილა. დამატებით, 2024 წელს ლარის ეფექტური გაცვლითი კურსი შედარებით მყარ პოზიციაზე შენარჩუნდა, რაც დაბალი ინფლაციის ხელშემწყობი იყო“, - განაცხადა ნათია თურნავამ.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა თავის გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა მონეტარული პოლიტიკის ნორმალიზებაზე და აღნიშნა, რომ სებ-მა 2024 წლის პირველ ნახევარში რეფინანსირების განაკვეთი 1.5 პროცენტული პუნქტით, 8.0 პროცენტამდე შეამცირა. თუმცა მისივე თქმით, წლის მეორე ნახევრიდან, გლობალურად გაზრდილი რისკების ფონზე, ეროვნულმა ბანკმა ფრთხილი მიდგომა აირჩია და მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი უცვლელად შეინარჩუნა.
„მონეტარული პოლიტიკის ნორმალიზაციის ფონზე საკრედიტო აქტივობა დაჩქარდა, რაც ერთობლივ მოთხოვნას ასტიმულირებდა. აღსანიშნავია, რომ ძლიერ მოთხოვნასთან ერთად ეკონომიკის ჯამური წარმოების პოტენციალის გაუმჯობესებაც მაღალ ეკონომიკურ ზრდას განაპირობებდა და, შედეგად, 2024 წელს რეალური მშპ-ს ზრდამ 9.4 პროცენტი შეადგინა. შიდა ფაქტორებთან ერთად, საგარეო მოთხოვნაც გარკვეულწილად დადებითად ისახებოდა ეკონომიკურ აქტივობაზე“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ვრცლად ისაუბრა საერთაშორისო რეზერვებზე და ხაზი გაუსვა, რომ რეზერვები ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობის მნიშვნელოვანი გარანტორია და ეროვნული ბანკის გრძელვადიანი პოლიტიკა საერთაშორისო რეზერვების დაგროვებასა და სარეზერვო აქტივების ეფექტურ მართვაზეა მიმართული.
„2024 წლის დეკემბრის მდგომარეობით საქართველოს საერთაშორისო სავალუტო რეზერვები 4.4 მლრდ აშშ დოლარი იყო. 2024 წლის დასაწყისში ბაზარზე არსებული ხელსაყრელი პირობებიდან გამომდინარე, სავალუტო ინტერვენციების გზით საერთაშორისო რეზერვების შევსება ხორციელდებოდა. წლის მეორე ნახევარში მაკროეკონომიკური ფუნდამენტური ფაქტორები, რაც გაცვლით კურსს აყალიბებს, ძლიერი იყო. თუმცა, გაურკვევლობის ფონზე, სავალუტო ბაზარზე ფუნდამენტური ფაქტორებისაგან განსხვავებული მოლოდინები ჩამოყალიბდა და ჭარბი მერყეობა წარმოიქმნა, რამაც ეროვნული ბანკის ჩარევა (კერძოდ, აშშ დოლარის ლიკვიდობის ბაზრისთვის მიწოდება) განაპირობა. შედეგად, მოხერხდა სავალუტო ბაზარზე განწყობების სტაბილიზაცია და შემდგომი დოლარიზაციის არდაშვება. ამასთან, როგორც ვვარაუდობდით, ამ ნეგატიურ ფაქტორებს გაცვლით კურსზე მხოლოდ მოკლევადიანი გავლენა ჰქონდა და წლის ბოლოს ეროვნულმა ბანკმა რეზერვების შევსება კვლავ განაახლა. ჯამურად 2024 წელს, ეროვნული ბანკის წმინდა გაყიდვები, მთლიანობაში 434.75 მლნ აშშ დოლარს გაუტოლდა. მიმდინარე წელს ბაზრის ხელსაყრელი პირობებიდან გამომდინარე, სებ-ი რეზერვების შევსებას განაგრძობს. აღსანიშნავია, რომ შესყიდვები აქტიურად ხორციელდება და სტატისტიკას ყოველი თვის ბოლოს ვაქვეყნებთ. 2025 წლის მაისის მონაცემებით კი საქართველოს ოფიციალური სარეზერვო აქტივების მოცულობა 4.6 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს. რაც შეეხება დღეის მდგომარეობით წმინდა შესყიდვების სტატისტიკას, შემიძლია გითხრათ, აღნიშნულმა მონაცემმა გასული წლის წმინდა გაყიდვები სრულად დააბალანსა“, - განაცხადა ნათია თურნავამ.
წლიური ანგარიშის წარდგენისას ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ სებ-ი აქტიურად განაგრძობს მუშაობას ფინანსური დოლარიზაციის მაღალი დონით გამოწვეული სტრუქტურული რისკების შესამცირებლად. შედეგად, ეროვნული ბანკის მიერ გატარებული ღონისძიებების ფონზე დოლარიზაცია მნიშვნელოვნად შემცირდა.
„კერძოდ სესხების დოლარიზაცია ჩამოსულია 43.3%-ზე (შედარებისთვის, 2019 წელს იყო 55.4%), ხოლო დეპოზიტების დოლარიზაციის მაჩვენებელი 52.2%-ს შეადგენს (2019 წელს 64% იყო). თუმცა დოლარიზაცია და მასთან დაკავშირებული რისკები ფინანსური სექტორისთვის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად კვლავაც რჩება. აღნიშნული რისკების შერბილების მიზნით, 2024 წელს ეროვნულმა ბანკმა დედოლარიზაციის გრძელვადიანი გეგმის განხორციელება განაგრძო. კერძოდ, არაჰეჯირებული უცხოური ვალუტის სესხების ლიმიტი, ეტაპობრივად 500 000 ლარს გაუტოლდა. შედეგად იპოთეკური სესხების დაახლოებით 90%, ხოლო სამომხმარებლო და მიკრობიზნესის სესხების 100% არის ჰეჯირებული ანუ დაცული სავალუტო რისკებთან მიმართებაში. აღსანიშნავია, რომ ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის 2025 წლის 28 მაისის გადაწყვეტილებით არაჰეჯირებული უცხოური ვალუტის სესხების ზღვარი 500 000-დან 750 000 ლარამდე გაიზარდა. ცვლილება ძალაში 2025 წლის 1 აგვისტოდან შევა“, - განაცხადა ნათია თურნავამ.
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა მოხსენების ფარგლებში აღნიშნა, რომ ფასების სტაბილურობასთან ერთად, ფინანსური სტაბილურობის ხელშეწყობა ეროვნული ბანკის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანესი ამოცანაა და მიმოიხილა ფინანსური სტაბილურობის უზრუნველსაყოფად ეროვნული ბანკის მაკროპრუდენციული პოლიტიკა და საფინანსო სექტორის ზედამხედველობის საკითხები.
მოხსენების შემდეგ, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა დეპუტატების კითხვებს უპასუხა.
ნუცა ბუზალაძემ ნიშნობა აღნიშნა - კადრები
1749807853