ეროვნული ბანკი - აპრილში წლიურმა ინფლაციამ 3.4% შეადგინა, ხოლო მარტთან შედარებით, ფასები 0.2%-ით გაიზარდა

ეროვნული ბანკი

ეროვნული ბანკის ცნობით, ინფლაცია სამიზნე სამპროცენტიან მაჩვენებელთან ახლოს ნარჩუნდება. აპრილში წლიურმა ინფლაციამ 3.4% შეადგინა, ხოლო მარტთან შედარებით, ფასების საერთო დონემ 0.2%-ით მოიმატა.

საქართველოს ეროვნული ბანკის განმარტებით, ინფლაციას ყველაზე მეტად სურსათის ფასები ზრდიდა, ხოლო საწვავის ფასები ამცირებდა.

საერთაშორისო ბაზრებზე ზოგიერთ საკვებზე გაზრდილი სურსათის ფასი ადგილობრივ ბაზარს გარკვეულწილად გადმოეცა, ხოლო საწვავის გაიაფება მსოფლიოში ნავთობის ფასის კლების ასახვაა. საბაზო ინფლაციამ, რომელიც სამომხმარებლო კალათიდან მაღალი მერყეობით გამორჩეულ სურსათის, ენერგომატარებლების და სიგარეტის ფასებს გამორიცხავს, 2.3% შეადგინა.

„აპრილში, გასულ თვესთან შედარებით, სამომხმარებლო კალათაში ყველაზე მნიშვნელოვანი პურის 4.1%-იანი გაძვირება იყო, რის შედეგადაც თვის ინფლაცია 0.2 პროცენტული პუნქტით გაიზარდა. შემცირების მხრივ აღსანიშნავია ბენზინის 3.1%- იანი გაიაფება, რამაც თვის ინფლაცია 0.1 პროცენტული პუნქტით შეამცირა. წლიურად, როგორც აღვნიშნეთ, ინფლაციის მატებაზე ყველაზე მეტად სურსათის გაძვირება მოქმედებდა. სურსათი, გასულ წლის აპრილთან შედარებით, 6.7%-ით გაძვირდა. აქედან გამოსარჩევია პურის და მზესუმზირის ზეთის, შესაბამისად, 12% და 23%-ით გაძვირება, რამაც ინფლაცია 0.5 და 0.4 პროცენტული პუნქტით გაზარდა. სხვა პროდუქტებიდან აღსანიშნავია ტკივილგამაყუჩებელი მედიკამენტებისა და თერაპევტის კონსულტაციის გაძვირება. საწვავის გაიაფებამ ინფლაცია 0.3 პროცენტული პუნქტით შეამცირა“, – აღნიშნულია ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ პუბლიკაციაში.

რაც შეეხება ადგილობრივ ინფლაციას, ადგილობრივად და შერეულად ნაწარმოები პროდუქტების წლიურმა ინფლაციამ შესაბამისად 4.7% და 5.0% შეადგინა. ადგილობრივი ინფლაციის მატება ყველაზე მეტად პურის გაძვირებას უკავშირდება.

„მომსახურების ინფლაცია, რომელიც ადგილობრივის ძირითადი შემადგენელი ნაწილია, სტაბილურად ნარჩუნდება და აპრილში 2.4%-ს გაუტოლდა. შერეული ინფლაციის მატება ყველაზე მეტად მზესუმზირის ზეთის გაძვირებას უკავშირდება, რაც საერთაშორისო ბაზრებზე გაზრდილი საკვები ზეთის ფასების ასახვაა. იმპორტირებულ პროდუქტებში დიდწილად საწვავის გაიაფების გავლენით 1.0%-იანი დეფლაცია დაფიქსირდა“, – წერია საქართველოს ეროვნული ბანკის ანგარიშში.