1779191900
აქ ყველაფერი იქნება, რაც ადამიანს კომფორტული ცხოვრებისთვის ან ვიზიტისთვის შეიძლება დასჭირდეს - შიო ხეცურიანი „თბილისი ტრამპ თაუერის“ შესახებ
„თბილისი ტრამპ თაუერის“ პროექტის დეტალებთან დაკავშირებით სამშენებლო კომპანია "არქის" გენერალურმა დირექტორმა გადაცემაში „ღამის კურიერი“ ისაუბრა.
შიო ხეცურიანის განცხადებით, კომპლექსი გათვლილია როგორც ტურისტებისთვის, ასევე ადგილობრივი მცხოვრებლისთვის, შესაბამისად ტერიტორიაზე მულტიფუნქციური ობიექტებიც განთავსდება.
"ეს იქნება თბილისის DownTown-ი , "ტრამპ თაუერი" იქნება ერთი მთავარი შენობა ამ კომპლექსში, კომპლექსი შედგება რამდენიმე შენობისგან, მათ შორის, იქნება სხვა ბრენდირებული შენობები, მოლი განსაკუთრებული და მაღალი ბრენდებისთვის, სარესტორნო სივრცეები, კაფეები, საერთო სამუშაო სივრცეები და კარგი გარემო, რომელიც მოიზიდავს ნებისმიერ ტურისტს. მათთვის იქნება ერთ-ერთი პირველი ადგილი, რომ მივიდნენ და ნახონ. ადგილობრივებისთვის იქნება ძალიან კარგი ადგილი, სადაც შეუძლიათ მივიდნენ და თავისუფალი დრო გაატარონ ან ბიზნეს შეხვედრა ჩაატარონ.
ექვსი შენობაა, ცენტრალური პარკის გვერდით, შესაბამისად, ლოკაცია კარგია და ერთ სივრცედ შეკრავს გარემოს. აქ ყველაფერი იქნება, რაც ადამიანს კომფორტული ცხოვრებისთვის ან ვიზიტისთვის შეიძლება დასჭირდეს.
"გენსლერი" - მსოფლიოში ცნობილი და ყველაზე დიდი არქიტექტურული კომპანია, ტრამპის ორგანიზაციის რეკომენდაციით შეირჩა. ისინი ზუსტად იმისთვის მუშაობენ, რომ "თბილისი ტრამპ თაუერი" იყოს ადგილი, სადაც ნებისმიერი ადამიანი სიამოვნებით მივა, რა თქმა უნდა, პირველ რიგში საცხოვრებლად, შემდეგ ნებისმიერი სხვა სახის ვიზიტისთვის", - აღნიშნა შიო ხეცურიანმა.











