შექმნეს ყურსასმენი, რომელიც მომხმარებლის ტვინის სიგნალებს კითხულობს

ყურსასმენი

ნეიროტექნოლოგიური სტარტაპი Neurable ახალ ტიპის ყურსასმენების შექმნაზე მუშაობს, რომლებიც არაინვაზიურ ტვინი-კომპიუტერის ინტერფეისს (BCI) ეფუძნება. კომპანიის ინფორმაციით, AI-ით გაძლიერებული სენსორული ტექნოლოგიის ინტეგრირება შესაძლებელია სხვადასხვა მოწყობილობაში — მათ შორის ყურსასმენებში, სათვალეებსა და სხვა ტარებად აქსესუარებში.

Neurable-მა თანამშრომლობა დაიწყო აუდიოტექნოლოგიურ კომპანიასთან Master & Dynamic, რის ფარგლებშიც იგეგმება MW75 Neuro LT მოდელის ყურსასმენების გამოშვება. მოწყობილობა მომხმარებლის ყურადღების დონის მონიტორინგს შეძლებს და მუშაობის პროცესის შეფასებას შეეცდება. სავარაუდო ფასი დაახლოებით 700 დოლარი იქნება.

მსგავს ტექნოლოგიებზე მუშაობენ სხვა კომპანიებიც, მათ შორის Neuralink, თუმცა მისი მიდგომა განსხვავებულია და ტვინში იმპლანტების ჩანერგვას გულისხმობს, მაშინ როცა Neurable არაინვაზიურ მეთოდს იყენებს.

მიუხედავად ინოვაციური იდეისა, ექსპერტები აღნიშნავენ, რომ არაინვაზიური BCI ტექნოლოგია ჯერ კიდევ განვითარების ეტაპზეა და მას ხშირად სიგნალის სიზუსტისა და სტაბილურობის პრობლემები აქვს.

ამასთან, ცნობილია, რომ კომპანიას თანამშრომლობა აკავშირებს აშშ-ის თავდაცვის უწყებასთან — პროექტის მიზანი სამხედრო ავიაციის ეკიპაჟის მენტალური მდგომარეობის შეფასებაა. აღნიშნული მიმართულება გარკვეულ ეთიკურ კითხვებსაც აჩენს, განსაკუთრებით ტვინის მონაცემების დამუშავებასა და პირადი სივრცის დაცვასთან დაკავშირებით.

კრიტიკოსების ნაწილი შიშობს, რომ მსგავსი ტექნოლოგიები მომავალში ადამიანის ქცევის კონტროლის რისკებსაც გააჩენს, რაც დისკუსიის ერთ-ერთ მთავარ თემად რჩება.