LIVE: დაიწყო ისტორიული შეხვედრა, რომელიც მთელი მსოფლიოს ინტერესშია
1755284991
ჩვენთან უახლოესი ვარსკვლავური სისტემა ალფა კენტავრია, რომლისგანაც დაახლოებით 4 სინათლის წელი გვაშორებს. თუ მომავალში იქ გამგზავრებას გადავწყვეტთ, გიგანტური, 58-კილომეტრიანი, ხომალდის დიზაინი უკვე ჩვენს ხელთაა. ის პროექტ ჰიპერიონის დიზაინერული კონკურსის გამარჯვებულმა გუნდმა შექმნა და Chrysalis ეწოდება.
ინჟინრებმა დეტალური კონცეფცია შეიმუშავეს, რომელშიც ყველა ძირითადი დეტალია გათვალისწინებული. მაგალითად, ეს ჰიპოთეზური კოსმოსური ხომალდი დედამიწის მსგავს გრავიტაციას ღერძის გარშემო მუდმივი ბრუნვის გზით წარმოქმნის. მასში სხვადასხვა დანიშნულების სივრცეები იქნება: საცხოვრებელი, ბაღები, საწყობები, სათბურები, თავშეყრის ადგილები და ა.შ. ისინი თერმობირთვული რეაქტორებით აღიჭურვება და ენერგიას მათი მეშვეობით მიიღებს (ასეთი ტექნოლოგია, რეალურად, ჯერ კიდევ შექმნის ეტაპზეა).
Chrysalis-ს რამდენიმე დონე ექნება, რომელთაგანაც თითოეული სრულიად ავტონომიურად იფუნქციონირებს. დიზაინის მიხედვით, ბირთვთან ახლომდებარე დონე მცენარეებისთვის, მიკრობებისთვის, ფერმის ცხოველებისთვისა და საკვების წარმოებასთან დაკავშირებული სხვა მექანიზმებისთვისაა განკუთვნილი. ხომალდში ადგილი ტროპიკული ტყისთვისა და ტაიგისთვისაცაა გამოყოფილი, რაც ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებას შეუწყობს ხელს.
ინჟინრებმა ხომალდის მეორე დონეზე საზოგადოებრივი სივრცეების განთავსება გადაწყვიტეს, ხოლო მესამეზე — სამგანზომილებიანი პრინტერით დაბეჭდილი საცხოვრებელი მოდულების. უკიდურესი გარეთა დონე სხვადასხვა მოწყობილობის, დანადგარისა და მასალის საწყობებს ეთმობა.
ცალკე აღსანიშნავია "კოსმოსური გუმბათიც" რომლის სიმაღლეც 130 მეტრამდე, სიგანე კი 360 მეტრამდეა. იქ კონტროლირებადი უწონადობა იქნება და ადამიანებს კოსმოსზე დაკვირვება შეეძლებათ, თანაც რადიაციისგან დაცულები იქნებიან.
გუნდმა ხომალდში მცხოვრები ადამიანების რაოდენობაზეც იფიქრა, რომელიც სამი თაობის განმავლობაში სტაბილურად დაახლოებით 1500-ს უნდა შეადგენდეს. ამისთვის კაცებსა და ქალებს გასამრავლებლად სამწლიანი პერიოდი მიეცემათ, 28-31 წლის ასაკამდე, და ორ შვილზე მეტს ვერ იყოლიებენ. კონცეფციის მიხედვით, თაობებს შორის ცოდნის გავრცელებაში მათ ხელოვნური ინტელექტი დაეხმარება.
ეს ყველაფერი ჯერჯერობით სამეცნიერო ფანტასტიკის სფეროში უფროა, რადგან ამჟამინდელი ტექნოლოგიით მსგავსი მასშტაბის ხომალდის აშენება არ შეგვიძლია. ამის მიუხედავად, ცუდი არაფერია იმაში, რომ დიზაინი უკვე გვაქვს. ვინ იცის, იქნებ ოდესმე ის გამოვიყენოთ კიდეც?!