შუქი გაითიშება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი
1781197319
ვაშინგტონის უნივერსიტეტის მეცნიერების მიერ ჩატარებული მასშტაბური კვლევის თანახმად, ალკოჰოლის მოხმარების სრულიად უსაფრთხო ზღვარი არ არსებობს და მისი მცირე რაოდენობით მიღებაც კი კიბოს რამდენიმე ტიპის განვითარების გაზრდილ რისკთან არის დაკავშირებული. კვლევის შესახებ ნაშრომი სამეცნიერო გამოცემა Nature Health-ში გამოქვეყნდა.
მკვლევრებმა 1963-2023 წლებში გამოქვეყნებული 843 სამეცნიერო ნაშრომი შეისწავლეს და ალკოჰოლის გავლენა ჯანმრთელობის 20 სხვადასხვა მდგომარეობაზე შეაფასეს. კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ ალკოჰოლის მოხმარება ზრდის ხახის, საყლაპავის, მსხვილი ნაწლავის, ძუძუს, ღვიძლის, პანკრეასისა და პროსტატის კიბოს განვითარების რისკს, მათ შორის მაშინაც, როდესაც ადამიანი დღეში ერთ სტანდარტულ სასმელზე ნაკლებს იღებს.
კვლევის ავტორების თქმით, ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი კავშირი ალკოჰოლის მოხმარებასა და საყლაპავის სიმსივნის განვითარებას შორის გამოვლინდა. ასევე დადგინდა, რომ ალკოჰოლი დაკავშირებულია პანკრეატიტის, ციროზისა და ღვიძლის სხვა ქრონიკული დაავადებების მომატებულ რისკთან.
მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთ შემთხვევაში მცირე რაოდენობით ალკოჰოლის მოხმარება გარკვეულ დადებით ასოციაციებს ავლენდა, მეცნიერები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ეს არ უნდა აღიქმებოდეს ალკოჰოლის მიღების რეკომენდაციად.
კვლევის ავტორები მიიჩნევენ, რომ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის რეკომენდაციები ალკოჰოლთან დაკავშირებულ რისკებს უფრო მკაფიოდ უნდა ასახავდეს.